გახარიას თქმით, მელიას დაკავების ოპერაციაში “უხილავი ხელები” მოქმედებდნენ

ექსპრემიერ გიორგი გახარიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების დროს, მისი პოზიცია იყო, რომ “არავის თავიდან თმა არ უნდა ჩამოვარდნოდა”. გახარია მელიას დაკავების ოპერაციაზე მსჯელობასაც იხსენებს და ამბობს, რომ თანაგუნდელების ნაწილი მას ეთანხმებოდა, მაგრამ მოგვიანებით დაინახა, რომ “მათზე რაღაც უხილავი ხელი მოქმედებდა”, რის გამოც პოზიციები შეიცვალეს. თუმცა, გახარია არ ასახელებს, ვის გულისხმობს “უხილავ ხელში”.

“ჩემი პოზიცია მელიას დაკავებასთან მიმართებით იყო შემდეგი: თუ ჩვენ გვინდა, რომ სამართალი აღსრულდეს და ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვთვლით სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის ორგანიზატორად სასამართლოს წინაშე წარსდგეს, მაშინ მელია უნდა იყოს დაკავებული ისე, რომ არავის თავიდან თმა არ უნდა ჩამოვარდეს. ეს იყო პროცესი, მე აქ არ დავასახელებ არცერთ სახელს მაგიდის გარშემო ვინც იჯდა, იქ იყვნენ გუნდის წევრები, რომლებიც აბსოლუტურად ეთანხმებოდნენ ჩემს პოზიციას, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პოზიცია, რომ ამის განხილვა საერთოდ სერიოზულად როგორ შეიძლებაო, ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად 3 000 სპეცრაზმელით შეჭრა. ეს ხდება 16-ში, 16 თებერვალს პროცესია, ჩვენ ვმსჯელობთ, 17 თებერვალს, როცა მე უკვე ვხედავ, რომ რაღაც ზეგავლენები ხდება ამ ადამიანებზე და რაღაც უხილავი ხელები რაღაცნაირად მოქმედებენ, სწორედ ამიტომ მოვითხოვე მე 5 საათიანი შეხვედრის მოწვევა, სადაც იძულებული ვიყავი უკვე რადგან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია დამხვდა, დამეფიქსირებინა ის პოზიცია, რაც დავაფიქსირე”, – ამბობს გახარია.

მისივე თქმით, მოგვიანებით ფაქტის წინაშე დადგა და დაინახა, რომ მისი, როგორც პრემიერმინისტრის მოვალეობაში “პარტიიდან”, ისეთი პირი ერეოდა, “რომელიც ამას ცხოვრებაში ვერასდროს გაბედავდა”:

“იმ ღამეს სამსახურიდან არ წავსულვარ. როდესაც ვნახე, რომ პროცესი გასაკვირად იმართებოდა, მკაფიოდ დავაფიქსირე პოზიცია, რომ მე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვაძლევ განკარგულებას შსს-ს ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოები სპეციალური ღონისძიებისთვის გააჩეროს. ეს მათ ღამით ვუთხარი. მას შემდეგ, რაც მე უბრალოდ ფაქტის წინაშე დავდექი, რომ ჩემი პრემიერმინისტრის უფლებამოსილებაში პარტიიდან ადამიანი, რომელიც ამას ცხოვრებაში ვერასდროს გაბედავდა, რაღაცა ინსტრუმენტებით ერეოდა და პირდაპირი კომუნიკაცია, ან რაღაცა ურთიერთობა ჰქონდა შსს-სთან, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო”, – ამბობს გახარია TV პირველის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიგახარიას თქმით, 20 ივნისის აქციის დარბევა ივანიშვილთან შეუთანხმებლად გადაწყდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: როდესაც პარტია საკუთარ ინტერესს აყენებს სახელმწიფო ინტერესზე მაღლა, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება