გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მათი აზრით, სწორედ ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს BBC-ის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების ყველა დეტალი და უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვებს. გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ კომისიამ ირაკლი კობახიძე და გიორგი გომელაურიც უნდა გამოკითხოს.
პარტია “საქართველოსთვის” წევრები ასევე ამბობენ, რომ თავად გიორგი გახარიაც მზად არის, აღნიშნულ საკითხზე ისაუბროს.
“ოცნების” ყველა ის დეპუტატი, რომელიც არ დაეთანხმება ჩვენს ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, იზიარებს პასუხისმგებლობას, თანაბრად 89 დეპუტატი გაიზიარებს ამ მომხდარ შესაძლო დანაშაულზე, რომელიც, დიდი ალბათობით, დრო მოვა და დადასტურდება, რომ არის დანაშაული, რადგან არის გამოყენებული კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერება.
გიორგი გახარიას, კარგად იცით, რომ არანაირი პრობლემა არცერთ კომისიის წინაშე გამოკითხვის და გამოცხდაების არ აქვს. შესაბამისად, იქნება ალბათ ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოცხადდება კომისიაზე და ყველანაირად ითანამშრომლებს და ყველანაირად ხელს შეუწყობს გამოძიების წარმართვას.
რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, კარგად იცით, რომ უკვე დადასტურებულია, რომ რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება გახარიას არ გაუცია, ეს არის ერთი. 20 ივნისის შედარება 2024 წლის მშვიდობიან დემონსტრაციებთან არის აბსლუტურად დაუშვებელი, – ამბობს გიორგი შარაშიძე.
საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარტია ბიუროს ორშაბათს ოფიციალურად მიმართავს, თუმცა მათი ინიციატივა „ქართულ ოცნებაში“ წინასწარ უკვე დაბლოკეს.
ცოტა არ იყოს გასაკვირია გახარიას პარტიის ეს ინიციატივა, იმიტომ, რომ მართლაც მნიშვნელოვან და ისტორიულ საგამოძიებო კომისიაში, სადაც მათ კვოტები ჰქონდათ, რაც ეხება საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდს, 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ, ამ კომისიაში არ მიიღეს მონაწილეობა და ახლა უნდათ, შექმნანა კომისია, რომელიც, მათი აზრით, დაადგენს იმას, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არ გასცვივდა და ძაღლმა აკოცა თუ არა პატრონს იმ პერიოდში, რომცა დეკემბერში იყო აქციები და მათი აზრით, რაღაც ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
















