18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

გახარიას პარტია მიხეილ ყაველაშვილს დაპატიმრებული მაღაროელების შეწყალების თხოვნით მიმართავს

გახარიას პარტია მიხეილ ყაველაშვილს დაპატიმრებული მაღაროელების შეწყალების თხოვნით მიმართავს.

„ჩემი დღევანდელი პოლიტგანცხადება მინდა დავიწყო მოწოდებით და მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რათა მოისმინოთ ჭიათურის მოსახლეობის წუხილი, მაღაროელების გასაჭირი და მათი სამართლიანი პროტესტი. ისინი ითხოვენ:

დაპატიმრებული ჭიათურელი მაღაროელების გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, თენგიზ გველესიანისა და აჩიკო ჭუმბურიძის გათავისუფლებას;
შრომის რეალურ ანაზღაურებას, რის გამოც 3500 კაციდან 2000-ზე მეტი დასაქმებული მაღაროელი შემოსავლის გარეშე დარჩა;
ითხოვენ რთული და მაღალი რისკის სამუშაო პირობებიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვას;
ნედლეულის მიწისქვეშა წესით მოპოვებას, ვინაიდან ჭიათურაში დღეს უკვე სახეზეა ამოწურული რესურსები და თითქმის სრულად ათვისებული ღია კარიერები, მოსახლეობისგან დაცლილი და დანგრეული სოფლები, დაბზარული სახლები, იმედგაცრუებული ახალგაზრდობა, გაზრდილი მიგრაცია, დაბინძურებული გარემო და განადგურებული ინფრასტრუქტურა“, – თქვა შალვა კერესელიძემ.
ინფორმაციისთვის, 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა ჭიათურის პროტესტის ოთხივე დაკავებული მონაწილე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და სასჯელის შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი დამნაშავედ ცნეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალად ედებოდა შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა [225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი], ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა [225-ე მუხლის მე-2 ნაწილი].

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში სასაკლაოს გვერდის ავლით საქონლის დაკვლის ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობისა ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა