პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი დააინიცირა, რომელიც დამსაქმებლებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორის, დეპუტატ სოფიო ხორგუანის განმარტებით, მოქმედი წესით ერთი და იმავე დარღვევისთვის (საპენსიო შენატანის დაგვიანება/გადაუხდელობა) როგორც ჯარიმის, ისე საურავის ერთდროულად გამოყენება უსამართლოა და მძიმე ტვირთად აწევს მცირე და საშუალო ბიზნესს. ინიციატივა ითვალისწინებს ფიქსირებული 500 და 1000-ლარიანი ჯარიმების გაუქმებას და სანქციების სისტემის საგადასახადო კოდექსთან გათანაბრებას.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საპენსიო ფონდში თანხის დაგვიანებით გადარიცხვის მექანიზმი უფრო მეტად უნდა მიესადაგებოდეს საგადასახადო კანონმდებლობას.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დღეს არსებული მიდგომა არაპროპორციულია და ხშირად აბსურდულ სიტუაციას ქმნის:
„ეს განსაკუთრებით მძიმე ტვირთია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან საპენსიო ფონდში გადასარიცხი თანხა ხშირ შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დაწესებული 500-ლარიანი ჯარიმა”.
დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ 2024 წლის ივნისში მიღებული და 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებებით, საპენსიო შენატანების განხორციელება პირდაპირ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ხდება.
ვინაიდან საპენსიო სისტემა საგადასახადო ადმინისტრირებას მიება, ლოგიკურია, რომ სანქციების რეჟიმიც საგადასახადო კოდექსის ანალოგიური იყოს, სადაც დეკლარირებული გადასახადის გადაუხდელობისას მხოლოდ საურავის მექანიზმი გამოიყენება და არა ორმაგი ჯარიმები. ცვლილებების მიზანი სწორედ ამ დუბლირების აღმოფხვრაა.

















