გახარიამ ივანიშვილს ჩუბინიძის მაკომპრომეტირებელი მასალები გადასცა

ცუდი დრო დაუდგა ბიძინა ივანიშვილს. ის, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაშია – თუ მთავრობას სახლში გაუშვებს, რუსებს გაანაწყენებს, სხვანაირად მოქცევის შემთხვევაში კი ამერიკელებთან შეექმნება პრობლემები.
მის ამ უბედურებას მმართველ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაც ამძაფრებს. ამ დღეებში მთავრობა თუ არა გადადგა, შესაძლოა, დიდი საოცნებო სკანდალის მომსწრენი გავხდეთ.
20 ივნისიდან მოყოლებული, რუსთაველის გამზირზე აქციები არ წყდება. ახალგაზრდების მთავარი და უცვლელი მოთხოვნა შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა. ამ მოთხოვნას აუცილებლად დაემატება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის, გადადგომის მოთხოვნაც.
20 ივნისის სისხლიან ღამეს რუსთაველის გამზირზე ჩუბინიძე იმყოფებოდა. იმავე დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იძლევა ის მითითებებს.
მთელი ამ დღეების განმავლობაში არც ოპოზიციას და არც მედიას მისი გვარი არ უხსენებიათ. ხელისუფლება საერთოდ მდუმარებაში იყო ჩავარდნილი.
“ოცნებაში” ყველამ კარგად იცის, რომ ანზორ ჩუბინიძე წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო. მმართველმა გუნდმა კარგად იცის ისიც, თუ როგორ ენდობა მას მთავარი მეოცნებე და ისიც ახსოვთ, თუ რა ძვირად დაუჯდა წლების წინ ირაკლი ღარიბაშვილს ჩუბინიძესთან უთანხმოება.
სახელმწიფო დაცვის სამსახური ჩუბინიძემ ივანიშვილის პრემიერობის დროს ჩაიბარა. მთავრობის მეთაურად ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ ის იძულებული გახდა, ეს სამსახური დაეტოვებინა.
როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ჩუბინიძეა, რომელიც პრემიერობიდან ღარიბაშვილის ჩამოლაბორანტების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ძველ სამსახურს.
ახლა ქვეყნის პირველი მცველი შეიძლება შს მინისტრისა და მთავარი მეოცნების დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
როგორც “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, გახარიამ მოითხოვა, რომ 20 ივნისზე მასთან ერთად ჩუბინიძემაც აგოს პასუხი.
“ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ თავიდან ივანიშვილს სურდა, ყველაფერი გახარიას აეღო თავის თავზე. რაღაც მომენტში დაითანხმა კიდეც შს მინისტრი, მაგრამ ამ დღეებში მან პოზიცია რადიკალურად შეცვალა და ჩუბინიძის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, შს მინისტრმა მთავარ მეოცნებეს ანზორ ჩუბინიძეზე გადასცა მთელი რიგი მტკიცებულებები.
ქვეყნის მთავარ მცველზე ოპოზიციამ და მედიამ დარბევიდან მხოლოდ ერთი კვირის თავზე დაიწყეს საუბარი. არადა, მედიაში დარბევის ღამესვე გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, საიდანაც ჩანს, რომ ჩუბინიძე სპეცრაზმელებს პირადად აძლევს ბრძანებებს.
რა დაუმტკიცდება მას და რა არა, მომავლის საქმეა. რაც უნდა მოხდეს, ეს გახარიას ვერ გადაარჩენს. მას აუცილებლად მოუწევს მომხდარზე პასუხისგება. ეს მანაც კარგად იცის, მაგრამ, ეტყობა, არ სურს, რომ საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ის შევიდეს თვალთხარიას სახელით.
საკუთარი იმიჯისა და ქონების გადასარჩენად ივანიშვილი მზადაა, შს მინისტრი გაწიროს. მეტიც, 28 ივნისს დაგეგმილი იყო მთავრობის მეთაურის გადადგომა, რასაც მთელი მინისტრთა კაბინეტის შეცვლა მოჰყვებოდა.
ეს არსებულ ვითარებას განმუხტავდა, მაგრამ ივანიშვილმა მოსკოვიდან მიიღო გაფრთხილება, რომ გახარია შს მინისტრად უნდა დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარ მეოცნებეს პრობლემები შეექმნება.
მოსკოვის მიერ საქართველოში ძალოვანი მინისტრების დანიშვნა ახალი ამბავი არ არის. 1993 წლის ბოლოს ირაკლი ბათიაშვილმა უშიშროების მინისტრის პოსტი დატოვა. ამ თანამდებობაზე შევარდნაძემ ავთო იოსელიანი დანიშნა, მაგრამ მოსკოვიდან განხორციელდა ზარი და ეს პოსტი იგორ გიორგაძეს გადააბარეს.
რუსეთის უშუალო ჩარევით დაინიშნა თავდაცვის მინისტრად 1994 წელს ვარდიკო ნადიბაიძე.
მიხეილ სააკაშვილს თუ დავუჯერებთ, რუსეთმა ვარდების რევოლუციის მერეც მოინდომა საკუთარი ხალხის დანიშვნა. ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინმა ვალერი ხაბურძანიას გაუწია რეკომენდაცია. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ვალერი ხაბურძანია.
ასე რომ, რუსების ჩარევა ქართულ პოლიტიკაში ახალი არ არის და ივანიშვილიც იძულებულია, კრემლს ანგარიში გაუწიოს. ამ ანგარიშის გაწევაში კი შეიძლება ამერიკელებთან მოხდეს უთანხმოება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ დღეებში ივანიშვილს ამერიკელებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს. სწორედ ამ კომუნიკაციის წყალობით ვერ დაიჭირეს ოპოზიციის ლიდერები.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მთავარ მეოცნებეს ამერიკელები დაჟინებით სთხოვენ მთავრობისა და გახარიას გადაყენებას და რადგან მოსკოვს სხვა მოთხოვნები აქვს, აშშ ჩვენებურს უსაფრთხოების დაცვას დაჰპირდა.
ვინ ვინ და ივანიშვილმა კარგად უწყის, რა შეუძლიათ რუსეთის სპეცსამსახურებს. ამიტომაც ყოყმანობს ასე.
რუსეთსა და ამერიკას შორის თამაში თავის დროზე შევარდნაძესაც არ გამოუვიდა, მთავარი მეოცნებე ამას სულ ვერ შეძლებს და მას აუცილებლად მოუწევს არჩევანის გაკეთება.
ამაში ეჭვი არც მმართველ პარტიაში ეპარებათ და მავანი უკვე ემზადება ახალ მინისტრთა კაბინეტში შესასვლელად.
როგორც ამბობენ, ყველაზე დიდი კონკურენცია შს მინისტრის სავარძელზეა.

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგიგლა ბარამიძე: ირაკლი კობახიძე ოთახში ჩაიკეტა და რამდენიმე საათი არ გამოდიოდა