გახარიამ გაჭედა ანუ რატომ ვერ მოხსნა გომელაურმა საბანაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდი გადაადგილებები დაიწყო. ამ გადაადგილებების ფარგლებში იგეგმებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის მოხსნაც. საბანაძის მოხსნას ვახტანგ გომელაური შსს-ში დაბრუნების დღიდან ცდილობს. შს მინისტრის პოსტს ის 2019 წლის შემოდგომაზე დაუბრუნდა. მანამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
საბანაძე გიორგი გახარიას კადრად ითვლება. გახარია და გომელაური კი ერთმანეთს დიდი ხანია ვერ იტანენ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ სუსმა ანუ გომელაურის უწყებამ შს მინისტრ გახარიას კულუარულად გაუვრცელა ინფორმაცია, რომ ეს უკანასკნელი მღვდელმთავრების წინააღმდეგ კომპრომატების გავრცელებას აპირებდა. ამ ჭორის გასაბათილებლად დღევანდელი პრემიერი იძულებული გახდა ეპისკოპოსები შემოერბინა და დაერწმუნებინა, რომ ეს ყველაფერი იყო ჭორი.
2019 წლის გაზაფხულზე პანკისში სერიოზულ საფრთხეს რომ გადავურჩით, გემახსოვრებათ. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ეს არეულობა შსს-ს სუსმა გაუჩალიჩა. 2019 წლის შემოდგომაზე ვახტანგ გომელაური შს მინისტრად დაბრუნდა და წინამორბედის კადრებისგან უწყების გაწმენდა დაიწყო. ამაში უჩვეულო არაფერია, რამეთუ ყველა მინისტრი ცდილობს საკუთარი გუნდი მიიყვანოს უწყებაში. რამდენიმე საკადრო გადაადგილების შემდეგ შს მინისტრმა გახარიას კადრები ბორტს მიღმა დატოვა. საბანაძე, მართალია, სახლში ვერ გაუშვა, მაგრამ მნიშვნელოვნად შეუსუსტა მისი პოზიციები.
პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ გომელაურმა გადაწყვიტა თავისი ოცნება აესრულებინა და გახარიას უკანასკნელი მოჰიკანი უწყებიდან გაეშვა. ერთი შეხედვით, ამისთვის საუკეთესო დრო იყო.
დღევანდელი პრემიერი ყველაზე უუფლებო პრემიერია, მას თავისი გუნდიც კი არ ჰყავს. უნდა ითქვას, რომ შს მინისტრის თავზეც შეგროვდა შავი ღრუბლები. მის ყურამდეც მივიდა ამბავი, რომ ირაკლი კობახიძემ, რომელიც პარტიაში დე ფაქტო ივანიშვილია, კახა კალაძესთან ერთად გადაწყვიტა შს მინისტრის პოსტის დათრევა. კობახიძემ პირდაპირ განაცხადა, „ემვედე“ უნდა დავითრიოთო. ჩვენი ინფორმაციით, ამ პოსტისთვის მამუკა მდინარაძეს ამზადებდნენ.
ამ შემთხვევაში, არც დე ფაქტო ივანიშვილს და არც კალაძეს არ გაუმართლა. ივანიშვილის მოთხოვნით, გომელაური პოლიტსაბჭოში მეათე ნომრად იქნა გამწესებული. მოკლედ რომ ვთქვათ, მან თანამდებობა შეინარჩუნა. პოზიციების ოდნავ გამყარების შემდეგ, მან ისევ დასვა ნიჩაბზე კახაბერ საბანაძე. ის გასულ კვირას უნდა გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან, მაგრამ აქ უკვე გახარიამ გაჭედა და მთელ გუნდს დაემუქრა. რომ სათანადო ზომებს მიიღებდა.
კანონმდებლობის თანახმად, პრემიერს რამდენიმე მინისტრის შეცვლა პარლამენტის გარეშეც შეუძლია. თავის დროზე, მას ნათელა თურნავა არ მოახსნევინეს. ბიძინას კარის ვეზირი ვანო ჩხარტიშვილი წავიდა ამის წინააღმდეგ. ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ ეს ვერავის მოხსნისო, მაგრამ ახლა სხვა დროა, ახლა ბიძინასთან ვეღარ ავლენ საქმის ჩასაწყობად.
და კიდევ ერთი, გახარია გუნდს წასვლითაც დაემუქრა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული „ენდიაის“ კვლევების მიხედვით, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემოქმედის რეიტინგი საკმაოდ მომატებულია. ამიტომ, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ისიც თუ დატოვებს „ქართულ ოცნებას“, ეს მმართველი გუნდისთვის კატასტროფა იქნება.
გასულ კვირას საბანაძის მოხსნა ვერ მოხერხდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გომელაური დანებებას მაინც არ აპირებს და ახლო მომავალში კიდევ ერთხელ შეეცდება მოადგილის მოხსნას. ამისთვის ნამდვილად ხელსაყრელი დროა, რადგან შსს-ში საკადრო ცვლილებებია დაწყებული. ამასთან, მას კარგად ახსოვს, რომ კობახიძე-კალაძის სურვილი – დაითრიონ შსს, მის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია და ამ საქმეში შესაძლოა პრემიერია იმ დუეტის გვერდზე დადგეს.

შორენა მარსაგიშვილი    

ქრონიკა+

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური-ადრეც ვთქვი, რომ სტატისტიკით დანაშაული 10%-ით შემცირდა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – მე და გიორგი გახარია ვართ უახლოესი მეგობრები, ჩვენ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის