გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს

region
ავტ.: region ოქტომბერი 1, 2019 16:57

გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს რუსეთთან ურთულესი და უმწვავესი პრობლემების მოსაგვარებლად. ამის შესახებ პრემიერმა დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ თქვა,

“ეს შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთულესი, უმწვავესი პრობლემები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მოაგვაროს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ – როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩვენი სათქმელი ყოველთვის იქნება ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები 26 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვდნენ. ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეხვედრა თავად მინისტრმა ზალკალიანმა მოითხოვა. 30 სექტემბრის განცხადებაში კი, რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრის მიზანი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა იყო.

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ნამდვილად საქართველომ მოითხოვა, თუმცა, მისი შეფასებით, ეს “ქედის მოხრას” და “საერთაშორისო კონტექსტიდან საქართველოს ინტერესების ამოვარდნას” არ ნიშნავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გამო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დაიბარა. მოთხოვნა ოპოზიციურმა პარტიამ კომიტეტის თავმჯდომარეს უკვე გაუგზავნა. სოფიო ქაცარავას თქმით, დავით ზალკალიანის მოსმენა “მინისტრის საათის” ფარგლებში ოქტომბერში ისედაც იგეგმებოდა.

“რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, თუ საპარლამენტო გრაფიკი ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს” – ამბობს ქაცარავა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 1, 2019 16:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,640
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics