“გახარია უნდა ღელავდეს საქართველოს მეგობრების წერილის არსზე და არა მის ფორმაზე “

საქართველოს მეგობრებს აქვთ პრაგმატული და პრინციპული ინტერესები, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ფეისბუქგვერდზე“ განთავსდა ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ. წერილში აღნიშნულია, რომ ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო“.

გიგა ბოკერიას თქმით, აღნიშნული წერილის ავტორი კონგრესმენები საქართველოს ყველაზე უფრო დიდი მხარდამჭერები არიან.

„აქედან გამომდინარე, საქართველოს მეგობრებისგან ეს გზავნილი არის ქართველი ხალხის გვერდით დგომის გზავნილი, რომელსაც პრობლემას უქმნის ეს ხელისუფლება, ივანიშვილი და მისი პრემიერ-მინისტრი გახარია. ეს გზავნილი არის გაგრძელება იზოლაციის და ეს არის ბუნებრივი პროცესი. საქართველოს მეგობრებს, მათ შორის თავისუფალი სამყაროს ლიდერის, აშშ-ს პოლიტიკური კლასის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ, აქვთ პრაგმატული და პრინციპული ინტერესები, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა. ყველა, ვინც უკანონო მეთოდებით ამას საფრთხეს უქმნის, ხდება ლეგიტიმური სამიზნე და პროცესი გაღრმავდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხები აბსურდულია. ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლება ამ წერილის არსზე უნდა ღელავდეს და არა, კომუნიკაციის ფორმაზე.

„მოვისმინეთ აბსურდული პასუხების მთელი სპექტრი, თურმე, ეს ხალხი სრულიად ოპოზიციის მოსყიდული ყოფილან ან შეცდომაში შეყვანილი და ახლა რაღაც უზუსტობები არისო. ჯერ ერთი, იქ მოყვანილი ფაქტები არის ფაქტები, რომლებიც მთელმა საზოგადოებამ იცის. რა კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობენ? გახარია და ივანიშვილის ყველა სხვა კლოუნი უნდა ღელავდეს იმაზე, რა მოხდება ქვეყანაში, რომელზეც პასუხისმგებლობა აქვთ, რა მოუვათ მათ პოლიტიკურად და არა იმაზე, საქართველოს მეგობრების წერილის ფორმა როგორია, არსზე უნდა ღელავდნენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, პოლიტიკური ჩიხი ხელისუფლებამ შექმნა.

„ეს პოლიტიკური ჩიხი მათ შექმნეს და ახლაც მათ აქვთ არჩევანი: შეეგუონ, რომ დამარცხდებიან არჩევნებში და ხელისუფლება შეიცვლება, რადგან თვითონ ყველაფერში გადააგდეს საზოგადოება და ჩიხში შეიყვანეს, ძალადობისა და მოტყუების, მთელი საზოგადოების დამცირების გზით იარეს ან გააგრძელონ ასლან აბაშიძის გზა, სისულელეები, თითქოს მოსყიდული არიან საქართველოს კრიტიკოსები, შეცდომაში შეყვანილი და ქვეყნის შიგნით გააგრძელონ ძალადობა, მაშინ დამარცხდებიან, ოღონდ დამარცხდებიან მათთვის პერსონალურად ბევრად უფრო მტკივნეულად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა: „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა თემაზე დავსხდეთ და წყნარად, მშვიდად ვისაუბროთ; შეიძლება, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები უნდა საუბრობდნენ“.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი ირაკლი შონია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას ეხმაურება
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ბეჟან გუნავა დააკავეს