16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

“გახარია საქართველოსთვის” ირაკლი კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას მოითხოვს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. ექსპრემიერის გუნდი ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების შეტანის დეტალების სრულად გასაჯაროებას ითხოვს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის დეპუტატმა მთავრობის მეთაურს ოფიციალურად 6 კითხვა გაუგზავნა. კერესელიძე აღნიშნავს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა აკრძალულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც სპეციალური თანხმობა სჭირდება.

სადეპუტატო შეკითხვის მიხედვით, ოპოზიციონერი დეპუტატი მოითხოვს:

საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული სამართლებრივი აქტის (თანხმობის) ასლს;

იმ ბიზნესსუბიექტების ჩამონათვალს, რომლებმაც საწვავის მიწოდება განახორციელეს;

კონკრეტულ კანონისმიერ საფუძველსა და მიზანს, რის გამოც აღნიშნული ნებართვა გაიცა;

მიწოდებული საწვავის რაოდენობას, პერიოდსა და საბოლოო დანიშნულების ადგილს;

ტრანსპორტირების მარშრუტსა და გავლილ პროცედურებს;

ინფორმაციას იმის შესახებ, არსებობს თუ არა ოფიციალური მომართვა/თხოვნა საწვავის მიწოდებაზე და ასეთის არსებობის შემთხვევაში — მის ასლს.

ცნობისთვის, 12 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროცესში კერძო ბიზნესი მონაწილეობდა და ყველაფერი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ფარგლებში განხორციელდა.

ამასთანავე, კომპანია „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში დაადასტურა, რომ ოკუპირებულ რეგიონში ნავთობპროდუქტები სწორედ მისმა კომპანიამ შეიტანა.

banner
წინა სტატიაში“ჩემს ზღვას ვერავინ წამართმევს, ვიბრძოლებ ამისთვის”- ზელენსკი
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას დაბალი რეიტინგის გამო არ იღებს