გახარია სანამ სხვის დასრულებაზე ისაუბრებს, მანამდე პასუხი უნდა აგოს 20 ივნისზე, ია კერზაიას საქმეზე, ასევე პასუხი უნდა გასცეს თუ როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყანაში მისი პრემიერ -მინისტრობის დროს შეიქმნა რუსული აგენტურული ქსელი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ მუქარამდე ძალიან ბევრ კითხვას უნდა უპასუხოს.
„გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გახარიამ ჯერ თვითონ პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრ რამეზე ამ ქვეყანაში. მაგალითად პასუხი უნდა აგოს ია კერზაიას საქმეზე, 20 ივნისის საქმეზე, გახარიამ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. უნდა უპასუხოს იმასაც, როდესაც თვითონ იყო საქართველოს პრემიერ -მინისტრი, როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის აგენტურული ქსელი იქმნებოდა?!“ – განაცხადა წითლიძემ.