გახარია – ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება მოხერხდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების დაწესებიდან 20 დღის თავზე შეუძლიათ თქვან, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება მოხერხდა.

თუმცა, გახარიას თქმით, ეს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ აღნიშნული შედეგი შენარჩუნდეს.

„დღეს მეოცე დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. დღეს შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი, განვაცხადოთ, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ტესტირების პრინციპულად უფრო გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია.

უფრო მეტიც, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 000-ზე მეტი ტესტის პირობებში, ინფიცირების 3 000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ეს გვაძლევს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რადგან ეს არის მხოლოდ პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როცა ვამბობდით, რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც მოვახერხეთ. მაგრამ დღეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში, როდესაც ინფექციის გავრცელება თითქმის ყოველდღიურად ახალ რეკორდებს ამყარებს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ შეზღუდვებს, მათ შორის საახალწლო, საშობაო შეზღუდვებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იყოს პირველ რიგში პასუხისმგებლიანი და გონივრული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გარდამავალი, მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს, პირველ რიგში შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ პირველ რიგში, ჩვენს ხანდაზმულებს, მოხუცებს, ქრონიკული დაავადებების მატარებლებს“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე განაცხადები ახალ წლამდე დაკმაყოფილდება
შემდეგი სტატიაგახარია ოპონენტებს – ერთმანეთს შეგვიძლია შევეჯიბროთ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო კარგი საქმეების კეთებაში