„გახარია ქართულ პოლიტიკაში ახალ სტილს ამკვიდრებს და ყველაზე ადეკვატურად გამოიყურება“

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ გახარიას პარლამენტში გამოსვლას და მის პასუხებს აფასებს. მისი თქმით, გახარიას აქვს, კრიზისების მართვის უნარები, ოპერატიულად მოქმედების უნარები, ინტელექტუალური უნარები და პროფესიული უნარები. მინის განცხადებით, ის არის ლიდერი, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეუძლია. ამიტომაც მის წინააღმდეგ ყველა ერთიანდება

„სიმართლე გითხრათ რაიმე განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, თუმცა, როგორც ყოველთვის თავი საკმაოდ კარგად ეჭირა. მომეწონა მისი მხრიდან პანკისთან დაკავშირებული შეცდომის აღიარება და ასევე იმის ხაზგასმა, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ ის არ არის. ეს არის საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯი და მგონია, რომ ის საქართველოს პოლიტიკაში ახალ სტილს ამკვიდრებს. ეს მის ადეკვატურობასა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობაზე მიუთითებს. არ არის აუცილებელი, რომ საჯაროდ ისაუბროს მან რა სახის შეცდომის დაშვება მოხდა და კონკრეტულად ამაში დამნაშავე ვინ არის. თავისთავად უკვე პოზიტიური მოვლენაა, როდესაც ის პარლამენტში გამოდის და ხმამაღლა ამბობს, რომ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა შეცდომა დაუშვეს. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ფაქტობრივად საერთოდ არ მახსენდება, რომ მოქმედ ან თუნდაც უკვე გადამდგარ მინისტრს ეღიარებინოს, რომ მან რაღაც შეცდომა დაუშვა. ეს არის პოზიტიური მოვლენა, რადგანაც მგონია, რომ ამის შემდეგ, თავად გახარიაც და ხელისუფლებაც უფრო ფრთხილად იქნებიან.
უკვე რამდენი ხანია, ხმაურიანი მოვლენების ეპიცენტრში სულ ერთი კაცი, ექცევა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში სხვა არავინ არის, პასუხისმგებლობა რომ აიღოს. ვფიქრობ, რომ სახელისუფლებო მართვის უკიდურესად არაკომპეტენტურ და არაეფექტურ სისტემაში, ის ათი თავით უკეთესია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე, რის გამოც როგორც ოპოზიციის ასევე ხელისუფლების სამიზნედ იქცა.
გარდა ამისა, ეს არის პიროვნება, რომელიც მთავრობის ყველა სხვა წევრისგან განსხვავებით უფრო პოლიტიკურ ენაზე მეტყველებს. მართალია არ არის ჰიპერაქტიური პიროვნება, მაგრამ არის ლიდერი, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეუძლია. ამიტომაც მის წინააღმდეგ ყველა ერთიანდება.
რა თქმა უნდა, რომ ის ივანიშვილის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, სხვაგვარად მას თავიდან აქამდე მოიშორებდნენ. გახარიას აქვს, კრიზისების მართვის უნარები; ოპერატიულად მოქმედების უნარები, ინტელექტუალური უნარები და პროფესიული უნარები. ამიტომაც მის გარეშე მგონია, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პრობლემები ექნება და მისი ეს ლიდერული თვისებები ივანიშვილს ძალიან სჭირდება.“ – ვახტანგ ძაბირიძე.

banner
წინა სტატიაშიტრაგიკული შემთხვევა “სარაჯიშვილის” მეტროში – ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე მამაკაცი, გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ