გახარია – „ოცნებას“ ისეთი ჟინით რომ ებრძოლა „ნაციონალური მოძრაობასთან“, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა

წლების განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ისეთი ჟინით რომ ებრძოლა, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონში მასსა და მიხეილ სააკაშვილს შეხვედრა შედგა.

„სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე. იქ შევიკრიბეთ, ჩვენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღესვე ვიყავით სხვა სასტუმროში. გადაკვეთა არანაირი არ გვქონია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, რადგან ლოგისტიკურად, სხვა სასტუმროში ყოფნა იყო გეოგრაფიულად მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი, იქ უბრალოდ შევიკრიბეთ. ერთი რამ გაითვალისწინეთ, საერთოდ, ამის უკან არაფერი არ არის. შეხვედრაზე ხომ საუბარი ზედმეტია. არ არის ეს სწორი. არაფერი დასამალი მე არ მაქვს, არაფერი საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მე არ მაქვს, უფრო მეტსაც გეტყვით, „ქართულ ოცნებას“, წლების განმავლობაში, ისეთი ჟინით რომ ებრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, აშშ-ში შეხვედრა გამართა როგორც ადმინისტრაციის, ასევე უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან.

„საუბარი იყო ყველა თემაზე, როგორც წარსულთან, ასევე მომავალთან დაკავშირებით. ძირითადად მაინც ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს აინტერესებთ, როგორი ქვეყნის მომავლის ხედვა გვაქვს. ადმინისტრაციაშიც გვქონდა შეხვედრები, უშიშროების საბჭოშიც, ჩამოვალთ და ყველაფერს მოგიყვებით. ყველა, ვინც რაიმე სახით საქართველოსთან არის დაკავშირებული ფორმალური თანამდებობით ან კვლევის ნაწილში, ან საქართველოს მეგობარია, ყველასთან გვქონდა შეხვედრები და ძალზე ნაყოფიერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ რეგიონებში კიდევ 3 სკოლას ააშენებს