ადამიანი უმიზეზოდ, უბრალოდ იმისთვის, რომ პოლიციელს მიმართა, დააკავეს. ეს არის ჩვეულებრივი შიში, ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ხელისუფლების, რომელსაც უკვე თავის მოქალაქეებთან საუბრის უნარი აღარ აქვს და უკვე გადადის ძალადობაზე, დაკავებაზე, კანონების ცვლილებებზე, რეპრესიული საკანონმდებლო ინფრასტრუქტურისა და რეჟიმის შექმნაზე, მაგრამ ეს ყველაფერი დროში შეზღუდულია.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი გამოსავალი – ყველა უკანონო პატიმარი, პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის გამოსავალი, რომელიც მშვიდობასა და სიმშვიდეს მოუტანს ქვეყანას და რომელიც ქვეყანას დააბრუნებს ნორმალურობის ზღვარზე. მერე შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი.
ჩვენ ახლა არანორმალურ გარემოში ვართ, როდესაც ხელისუფლება თავის მოქალაქეებზე ძალადობს, ძალადობრივი ენით ელაპარაკება. ეს ყველაფერი დასასრულებელია რაც შეიძლება სწრაფად და დამთავრდება ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის.
შეშინებული ხელისუფლება ცდილობს, რომ ძალა აჩვენონ, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც სიმართლე ხალხის მხარეს არის, ეს ძალა შედეგს ვერ მოიტანს.
ეცადნენ და ლევანი [გოგიჩაიშვილი] დააკავეს იმისთვის, რომ გზის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მიეცათ, მაგრამ ეს გზა გადაკეტილია. ხელისუფლება ამას აფასებს, როგორც მუხტის შემცირებას და ამ მუხტის შესუსტებას თვლის თავის შესაძლებლობად, უნდა, რომ ვიღაც შეაშინოს.
არავინ შეშინდება. ეს მუხტი ხან იქნება ძალიან მაღალი, ხან დაბალი, ხან ბევრი ხალხი იქნება, ხან ნაკლები ხალხი გამოვა, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება გარადიკალდება და ხალხი უსამართლობას იგრძნობს, ასობით ათასი ადამიანი გამოვა და დადგება რუსთაველზე,-თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ, რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდა.