გახარია – ეს არჩევნები არ იქნება მარტო მუნიციპალური არჩევნები

გიორგი გახარია – ეს არჩევნები არ იქნება მარტო მუნიციპალური არჩევნები. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას გვიწევენ, მაინც გამარჯვებით დავასრულებთ. ეს იქნება ცვლილებების დასაწყისი ყველასთვის.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ (ვატო) გვაზავა წარუდგინა.

„ეს არჩევნები არ იქნება მარტო მუნიციპალური არჩევნები, ეს იქნება არჩევნები, სადაც ჩვენ, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას გვიწევენ, მაინც გამარჯვებით დავასრულებთ. რაც მთავარია, ეს იქნება ცვლილებების დასაწყისი ყველასთვის. იმიტომ, რომ ამ ქვეყანას და ამ ქალაქს სჭირდებათ უფრო სამართლიანი გარემო , ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი მომავლისთვის და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვერთიანდებით, მაგრამ არავის წინააღმდეგ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, არავის არ ვებრძვით , არავისთვის ჩხუბი, გინება და ლანძღვა ჩვენ არ გვჭირდება, არავის არაფერს არ ვუმტკიცებთ, ჩვენ ვერთიანდებით მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ამ ქვეყანას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კეთილსინდისიერი მსახურება ქვეყნის და სახელმწიფოსი არის ძალიან დიდი ღირსება. ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავის პროფესიაში წარმატებას მიაღწია, როგორც, მაგალითად ვატო გვაზავამ, უჩნდება სურვილი, რომ საერთო საქმეს ემსახუროს. ეს არის ძალიან მისასალმებელი და რა თქმა უნდა მე თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მას გვერდით უდგახართ. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოქროყანიდან, შინდისიდან, კოჯრიდან, კიკეთიდან და ტაბახმელადან ჩამოხვედით” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისი ვერ იქნება წარმატებული საქართველოს წარმატების გარეშე და პირიქით, წარმატებული თბილისის გარეშე ძლიერი სახელმწიფო შეუძლებელია.

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ერთ ქალაქს და ერთ სახელმწიფოს ვემსახურებით. და რაც არ უნდა მოხდეს, ახლა ბევრი სხვადასხვა ფორმით ახდენენ ადამიანებზე ზეწოლას. დღეს დამირეკეს, ერთ ჩვენს , მაჟორიტარობის კანდიდატს დაურეკეს და უთხრეს, რომ შენ ჯარში წასვლა გიწევსო, მოხსენი კანდიდატურა, თორემ ჯარში წაგიყვანთო – ასეთი სასაცილო რაღაცეებიც ხდება და ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, ეს დასასრულებელია და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ არავის წინააღმდეგ. ის, რაც კარგი გაკეთდა ბოლო 9 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა ეს უნდა დავინახოთ, დავაფასოთ, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ კიდევ უკეთესი საქმეების კეთება იმიტომ, რომ იქ კარგი რაც იყო, იმაშიც მიგვიღია მონაწილეობა და რაც ვერ გავაკეთეთ და შეცდომები რაც ყოფილა ამაშიც ჩვენი წილი შეცდომებიც არის და სწორედ ეს პასუხისმგებლობაა, რატომაც აქ ვდგევართ. ახლა რაც შეეხება თბილისს, თბილისს რა თქმა უნდა, თბილისი ვერ იქნება წარმატებული საქართველოს წარმატების გარეშე და პირიქით, წარმატებული თბილისის გარეშე ძლიერი სახელმწიფო შეუძლებელია. თბილისში ბევრი რამე კეთდება, თუმცა, ძალიან სერიოზული პრობლემებია თბილისში. იმ რესურსის, რომელიც ქალაქს გააჩნია, თანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით. სერიოზული პრობლემებია კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, ბიუროკრატიასთან დაკავშირებით. სერიოზული პრობლემებია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ის, რაც ჩვენ გვაქვს და გვეკუთვნის, როგორ იხარჯება ბიუჯეტი, ამის კონტროლი განვახორციელოთ და ამისთვის გვჭირდება ძლიერი საკრებულო და კეთილსინდისიერი ხალხი საკრებულოებში. ამიტომ, კეთილსინდისიერი პროფესიონალები იყო ყოველთვის ჩვენი ასე ვთქვათ მთავარი მიზანი და ასე გაგრძელდება და ვატო არის ამის ძალიან კარგი მაგალითი. ამიტომ, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მაჟორიტარი ეყოლება მთაწმინდას და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მას დაუდგეთ გვერდით იმისთვის, რომ მერე მოვთხოვოთ, რაც გასაკეთებელია, ის უნდა გააკეთოს, თუ ვერ გააკეთა, ბოდიში, მაშინ აღარ უნდა ეწყინოს. ეს არის ძირითადი მიდგომა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიუფასო ზოოპარკი, მუზეუმები და ექსკურსიები – “ლეიბორისტების” ბავშვთა ბედნიერების პროგრამა
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა