გახარია: ენმ-მ მაკო გომური გამოიყენა, საზოგადოებას წლების განმავლობაში სიცრუეში აცხოვრებენ

პრემიერმინისტრობის კანდიდატისა და ყოფილი შსს-ს მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, ენმ-მ მაკო გომური ტყუილებისთვის გამოიყენა, მან პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სპექტაკლი უწოდა.

“მე მინდა რამდენიმე სიტყვით ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, პირველ რიგში, ამომრჩევლებს. ის სპექტაკლი, რაც დღეს აქ მოაწყვეს, არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც ნაციონალური მოძრაობა დგას და ეს არის სიცრუე, ჩვეულებრივი ტყუილი. ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ დღეს აქ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩევლებსაც და პატივს ვცემთ ინსტიტუტებს. ამიტომ მოვედით აქ და ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, მათ ამომრჩევლებთან საუბარი.

ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომურიც, რომლითაც მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ ეს ადამიანი არის აქ, ეს არის იმის განსახიერება, ისინი ჩვენს საზოგადოებას წლების განმავლობაში სიცრუეში როგორ აცხოვრებდნენ”,- თქვა მან.

ენმ-მ​ დღეს პროტესტის ნიშნად გახარიას მოსმენა შეწყვიტა. პარტია ითხოვდა, სხდომაზე 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომური და სხვა მოქალაქეები შეეშვათ. სხდომის შეწყვეტის შემდეგ გაირკვა, რომ გომური პარლამენტთან არ ყოფილა, თუმცა, პარლამენტში არ უშვებდნენ “სირცხვილიას” სხვა მონაწილეებს, რომლებსაც საშვები ჰქონდათ. შოთა დიღმელაშვილის განმარტებით, ბოლო 4 დღეა, აქციის მონაწილეებს პარლამენტში არ უშვებენ “სისტემის გაჭედვის მიზეზით”.

“საშვები ავტომატურად ავიღეთ ყველას სახელზე #სირცხვილიას მოძრაობიდან, იმ იმედით, რომ ვიღაც შეაღწევდა. ფორმალურად, საშვები აღებულია, ყველანი არ ვართ პარლამენტთან. მაგალითად, მეც არ ვარ ახლა პარლამენტთან და ჩემზეცაა საშვი. ვინც არიან, იმათ არ უშვებენ” – ამბობს დიღმელაშვილი.

რაც შეეხება მაკო გომურის საშვს, აქციის ორგანიზატორის თქმით, მათ გვიან ღამე გაიგეს, რომ მაკო ქალაქიდან გადიოდა.

“უკვე საშვების სიაში იყო. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით, და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა. როგორც ვთქვი, მეოთხე დღეა “სისტემამ გაჭედა”, კვირის დასაწყისში დაიწყო ეს ჭიდაობა. თითქმის ნულოვანი ალბათობა იყო, რომ კანონიერად მოიქცეოდნენ და პარლამენტში შევაღწევდით და არც გვითხოვია, მაკოსთვის დარჩენილიყო და ტყუილად მდგარიყო გარეთ” – ამბობს დიღმელაშვილი.

მაკო გომურის კითხვას პრემიერობის კანდიდატს ევროპული საქართველო დაუსვამს.

banner
წინა სტატიაში35 წლის ქალის საქმეზე, შსს-მ გამოძიება დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
შემდეგი სტატიასუს-ის წარმომადგენელი-ერგნეთში შეხვედრაზე პოზიციები განსხვავებული იყო,შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული