გახარია : ჩვენი მიზანია საპოლიციო სერვისების განვითარება, რათა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის კავშირი იყოს უფრო ეფექტური

თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ეფექტურად და ძალზე სწრაფად ახლოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ სჭირდება დახმარება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 112-ის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში მოეწყობა პრეზენტაცია იმ ინტეგრირებული პლატფორმის, რომელიც კიდევ უფრო ახლოს მივა თითოეულ მოქალაქესთან.

”დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დღე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ბევრ რეფორმას ვატარებთ როგორც პოლიციაში, ასევე ქალაქში და ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს. ჩვენ ვაკეთებთ პრეზენტაციას პროგრამული უზრუნველყოფის უფრო დახვეწილ, ღირსეულ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ეს სერვისი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამეთუ ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ის სერვისს, საპატრულო პოლიციას და თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრს. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი, რამეთუ თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ეფექტურად და ძალზე სწრაფად ახლოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას სჭირდება დახმარება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ პრეზენტაცია 112-ის ახალი აპლიკაციის, რომელიც ასევე მიმართულია, რათა ჩვენი პოლიცია იყოს ახლოს მოქალაქესთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოქალაქეს სჭირდება დახმარება და დღეს ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს წინ. მოგეხსენებათ, რომ შსს-ში ვატარებთ მრავალ რეფორმას და მინდა გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში ასევე გავაკეთებთ პრეზენტაციას იმ ერთიანი სივრცის, ინტეგრირებული პლატფორმის, რომელიც კიდევ უფრო ახლოს მივა ჩვენს მოქალაქეებთან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი მიზანია, რომ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება, რადგან მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი იყოს კიდევ უფრო ეფექტური, ნდობა იყოს კიდევ უფრო მაღალი და ჩვენს ქალაქში მართლწესრიგი იყოს კიდევ უფრო ნდობით და მაღალი ხარისხით აღჭურვილი.

“ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან და ეს გახლავთ ერთ-ერთი მაგალითი ასეთი თანამშრომლობის, რამეთუ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ერთად ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ მართლწესრიგის დამყარება თბილისში და ქვეყანაში”, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიერთი ადამიანი დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის გარემოს, ძირკვავს ხეებს და ქვეყნის მასშტაბით დაარბენინებს – ბოკუჩავა
შემდეგი სტატიარატომ განადგურდა საქართველოში  ბიოგენეტიკური  რესურსები?!