გახარია: 2022 წლის შემდეგ სუს-ს ვლადიკავკაზიდან ფარულად გადმოჰყავდა ჯგუფები

პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ტელეკომპანია ფორმულას ეთერში დეტალურად განმარტავს ჩორჩანაში საგუშაგოს აგების წინაპირობებს, ასევე გარემოებებს, რომელიც 2019 წელს საოკუპაციო ხაზთან არსებობდა.

“ყველა ადამიანი, რომელიც დღეს ჩვენებებს იძლევა და საუბრობს ჩორჩანაზე, დავკარგეთ სიტყვას ხარობს, უნდა იცოდეს და პასუხისმგებლობა აიღოს, რომ ჩუქნის სეპარატისტებს ქართულ მიწას” – ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, სუს-ს ჰქონდა ინფორმაცია მისი მოქმედებების შესახებ და ამის დასადასტურებლად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი პერიოდის ანგარიშს იშველიებს.

14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშრებით იკითხებოდა. საქმის  ფარგლებში გიორგი გახარია უკვე ორჯერ გამოიკითა წულუკიანის კომისიაზე.

გახარიას განცხადებით, ჩორჩანამდე, პერევში საგუშაგო 850 მეტრით აწია, თუმცა ამაზე არავინ გასჩენია კითხვები და არ დაუწყია გამოძიება.

“ეს არ იყო ერთადერთი და პირველი საგუშაგოს დადგმა. ამ საგუშაგოს დადგმამდე, რომ ამბობენ ჩუმად გააკეთესო, ჩვენ ჩუმად ბევრ საქმეს ვაკეთებდით, ისეთებს, რომლებსაც ყვირილი არ უხდებოდა. ამაზე უფრო ადრე, ჩვენ პერევში საგუშაგო 850 მეტრით ავუწიეთ და ცხვირწინ დავიდგით რუსებს, იმიტომ რომ იქ გადასასვლელი იყო და საქართველოს მოქალაქეებს რისკის ქვეშ არ ევლოთ. ვიყვირეთ ამაზე ან ვისმეს კითხვა გაუჩნდა, რომ პერევში საგუშაგო რომ გადავიტანეთ, ეს შევუთანხმეთ მთავრობას, ათას უსაქმურს თუ პრემიერს?” – თქვა გახარიამ.

გახარია ამბობს, რომ საგუშაგოს აგება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სეპარატისტებმა უკანონო ბორდერიზაციისთვის ნიადაგის მომზადება დაიწყეს, საუბარია 1984 და 1922 წლების რუკებზე, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაზე განიხილებოდა.

“2018 წელს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პარლამენტში რეჟიმმა შექმნა კომისია, რომლის მთავარი მიზანი იყო მაშინ უკვე 1984 წლის გრუ-ს [რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო] რუკა, რომლითაც იყო დადგენილი ბოლო ვერისა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის. ამას მიყვებოდნენ, ეს არის დღეს რაც გავქვს, საუბედუროდ, ჩვენი საოკუპაციო ხაზი.

ამის შემდგომ, ამ კომისიამ დაადგინა, რომ 1922 წლის აპრილის დეკრეტით, რომელიც არის საბჭოთა კავშირის დეკრეტი, რომლითაც საერთოდ პირველად შეიქნმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, აიღეს ეს ნახაზები, რუკაც არ იყო, მიყვნენ და მთელი პერიმეტრი 350 კმ საოკუპაციო ხაზის გადმოწიეს ბევრგან, 28 წერტილში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს ჯამში იყო 200 კვ.კმ. ეს ტერიტორიებია თრუსო, ეს ტერიტორიები იყო საჩხერეში, რაჭაში, ყველგან აბსოლუტურად” – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ოკუპანტებმა საზღვრის გადმოწევის პირველი ექსპერიმენტი ჩორჩანადან დაიწყეს, რადგან ე.წ. საზღავრთან დიდი ტყის მასივია და პირველი დასახლებული პუნქტი, საცხოვრებელი სოფელი შორს იყო – “ეს არ იყო ისეთი ადგილი, სადაც ჩვენ ბოლო პერიოდში ეფექტურ კონტროლს ვახორციელებდით” – თქვა გახარიამ.

მისივე განმარტებით, გეოგრაფიული თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე გდდ-ს და EUMM-ის [საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია] წარმომადგენლები მუდმივ პატრულირებას ჩორჩანას ტყეში ვერ ახორციელებდნენ.

გახარიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეების დაკავებები დაიწყეს.

“პირველი 4 თუ 5 ადამიანი, რომელიც დააკავეს არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ მათ ცხინვალში ჯარიმა გადაახდევინეს უკანონოდ საზღვრის კვეთის გამო, მაშინ როდესაც ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ბოლოს ის მონადირე, ცნობილი ფაქტი, სპეციალურად გამოუშვეს მესიჯით სოფელში, რომ  – ეს უკვე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა და აქ აღარ მოხვიდეთ.

ამის შემდეგ ეს 1922 წლის დეკრეტის საფუძველზე შექმნილი რუკის თემა 2018, 2019, 2020 წლებში საოკუპაციო რეჟიმის მთავარი პოლიტიკური საკითხი იყო. არჩევნების პირობებში ხან ერთი ხელისუფლება პირდებოდა ჩვენ უფრო ღრმად შევიწევით საქართველოს ტერიტორიაზე, ხან მეორე”. – ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, სეპარატისტული რეჟიმის მთავარი და სტრატეგიული მიზანი არის, რომ საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ ორ ძირითად მაგისტრალს ისინი აკონტროლებდნენ.

“თრუსოს ხეობის და ამ რუკების მთელი მიზანი გახლავთ, რომ საქართველოს და რუსეთს შორის კავშირი ვერ ხდებოდეს ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გარდა – ესაა სტრატეგიული მიზანი.

ჩორჩანას ტყეში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტალკის საბადო, რომელზეც მათ [საოკუპაციო რეჟიმს] უკვე ინვესტორები ჰყავდათ, ეს ყველაფერი მედიაში იყო გაშლილი. ამის გარდა, ამ გზიდან საჩხერის გზასაც აკონტროლებდნენ – აქ უბრალოდ უმოქმედობა იქნებოდა ქვეყნის და სახელმწიფოს ღალატი”. – ამბობს გახარია.

მისივე განმარტებით, ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის სამუშაოები 2019 წლის იანვრიდან დაიწყეს, იმ პერიოდში ტერიტორიაზე მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები, სიმაღლეებს აღნიშნავდნენ და ყველამ ყველაფერი იცოდა, “რა თქმა უნდა, იცოდა სუს-მაც, EUMM-მაც”.

“ამის შემდეგ შეიქმნა გეგმა და ამ გეგმის მთავარი მიზანი გახლდათ 7 წერტილი, კოორდინატი, საიდანაც ჩორჩანაში ეს საგუშაგო უნდა ყოფილიყო მთავარი და დანარჩენი უნდა ყოფილიყო თანმდევი საგუშაგოები”. – ამბობს გახარია.

მისი თქმით, ჩორჩანას საგუშაგო პირველი და მთავარი იმიტომ იყო, რომ მაღალ სიმაღლეზე დგას და კარგად აკონტროლებს ტერიტორიას. გახარიას განცხადებით, კონკრეტულმა პირმა ან პირებმა საგუშაგოების აშენებას საბოტაჟი გამოუცხადეს, კერძოდ შეაფერხეს საჭირო რესურსის ტერიტორიამდე დროული მიტანა.

“შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა და გარკევულ კოორდინატებზე გაჩნდა რუსული საგუშაგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ საკუპაციო ხაზი გადმოწია. ამას დრო მოვა, შესაბამისი გამოძიება მოჰყვება და იქნება დადგენილი ვინ მოახდინა იმ გეგმის საბოტაჟი, რომ გეგმა არ დასრულებული ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ჩვენ იქ რაც მოვიკვლიეთ, გარკვეულ მომენტში, ტექნიკა, რესურსები რაც იყო მობილიზებული და აუცილებელი, იმის მიწოდებას შეუშალეს ხელი. დაწყებული გეგმის საბოტაჟი იყო აგვისტოს ბოლოსკენ, სექტემბრის დასაწყისში. ეს იყო ყველაზე მთავარი, რასაც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიება სჭირდება.

მაშინ ჩვენ რაც შევძელით არის, რომ დავასტაბილურეთ. ეს პუნქტი დარჩა იქ, საოკუპაციო ხაზი დარჩა საოკუპაციო ხაზად და გაჩნდა ეს ბუფერული ზონა. მაშინ, როდესაც ამ 1 800 ჰექტარ ტყის მასივს ჩვენ ეფექტურად ვერ ვაკონტროლებდით და პირდაპირ ვიდექით ბორდერიზაციისა და ამ ტყის მასივის დაკარგვის რისკის ქვეშ”. – ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, პირველი ყველაზე მძიმე კონფლიქტი ამ თემასთან დაკავშირებით ჰქონდა. გარდა ამისა ოცნების ხელისუფლების ყოფილი შს და პრემიერ მინისტრი, სუს-ს რუსეთთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. გახარიას თქმით, 2022 წლის შემდეგ სუს-ს ვლადიკავკაზიდან ფარულად გადმოჰყავდა ჯგუფები.

“მე მახსოვს რომ [პრემიერად] წარმადგინეს 3 სექტემბერს, 2 სექტემბერს ცხინვალის დე-ფაქტო პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის თაობაზე. ზუსტად ის, რასაც დღეს იძიებს ქართული პროკურატურა. დღეს ფაქტობრივად ოკუპანტების პროკურატურის პარალელურად ერთსა და იგივე საქმეს იძიებენ, შეიძლება სადღაც გააერთიანონ.

[…]

2022 წლის შემდეგ ისე, რომ მალავდა უბრალოდ და საქართველოს საზოგადოებას ამას არ ეუბნებოდა, სუს-ს ყოველწლიურად ვლადიკავკაზიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოჰყავდა ჯგუფები ადამიანების, ვითომ ისტორიული საფლავების მოსანახულებლად თრუსოს ხეობაში, მერე ამას ჩვენ ყველაფერს ვიგებდით რუსული ინტერნეტწყაროებიდან”. – თქვა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიფიშერი: ასეთი კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
შემდეგი სტატიასტრატეგია აღმაშენებელი: ისე არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს