გახარია: 2020-ის ბიუჯეტი ამომრჩევლის მოსყიდვა ვერანაირად ვერ იქნება

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი ამომრჩევლის მოსყიდვა ვერანაირად ვერ იქნება.

“რაც შეეხება 2020-ის ბიუჯეტს. 2020-ის ბიუჯეტი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერანაირად ვერ იქნება. თუ ვინმე თვლის, რომ მოსყიდვაა, როდესაც პენსიონერს პენსიას ვუზრდით, მასწავლებლებს განათლების რეფორმის ფარგლებში ხელფასს ვუზრდით, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად და ზაფხულში აქ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ იცავდნენ მართლწესრიგს ქვეყანაში, მათ სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს, ეს არ მოსყიდვა, მე ვფიქრობ, ეს არის ის მცირე ნაბიჯი, ის მცირე შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის მომავალი”,- თქვა გიორგი გახარიამ.

გუშინ, 30 სექტემბერს მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. მისივე თქმით, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდაა გათვალისწინებული და შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით.

აგრეთვე, პრემიერმინისტრის თქმით, სამართალდამცველებს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით. 2020 წლის პირველი ივლისიდან სოფლის ექიმებს ხელფასებს 100 ლარით გაუზრდის. 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი 300 ლარით, საბავშვო ბაღის მასწავლებლების ხელფასი კი საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება.

2020 წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარი იქნება.

ბიუჯეტის პროექტით იზრდება ბიუჯეტის ხარჯების ნაწილიც, ზრდა 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 საქართველოში 5%-იან ზრდას ვარაუდობენ.

banner
წინა სტატიაში“რუსი სამხედროები საქართველოდან მაშინ გავლენ, როცა გადავწყვეტთ”-პუტინი
შემდეგი სტატიასამადაშვილი სააკაშვილის ინტერვიუზე: ჯერ გაერკვიეთ, “ქრისტიან-დემოკრატობა” რას ნიშნავს