გაყალბებულ დოკუმენტებზე ამნისტია გამოცხადდა

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი

გაყალბებულ დოკუმენტებზე ამნისტია 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაყალბებულ დოკუმენტებზე გამოცხადებული ამნისტიით ისარგებლონ და რაც შეიძლება მალე გაასწორონ დოკუმენტაცია.

როგორც წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამნისტია, რომელიც 2015 წლის 30 დეკემბრიდან ამოქმედდა, ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო გააყალბეს პირადობის მოწმობა, პასპორტი, სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა. ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ მიმართავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და თავად განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე. ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული მონაცემი გამოიყენეს კანონის ამოქმედებამდე; იმ პირებზე, რომელთაც გააყალბეს პირადი მონაცემები 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე, მათზე, ვინც გაყალბებული დოკუმენტებით ან მათი მონაცემებით ისარგებლა.

თეა წულუკიანის თქმით, პირადი მონაცემების თვითნებურად გადასწორება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა − ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამნისტიით და ყოველგვარი სასჯელის ან ჯარიმის გარეშე შეასწორონ გაყალბებული მონაცემები. იმისთვის, რომ პირმა ამნისტიით ისარგებლოს, მან განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს დევნილის ყალბ მოწმობას, ამავე ვადაში მან განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. თუ პირი უკვე ცნობილია ბრალდებულად, ის თავისუფლდება შესაბამისი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის ვალდებულებისაგან და მას ამნისტია პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე შეეხება. ამნისტიით სარგებლობის მოთხოვნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციურ სამსახურს შემდეგ ნომერზე: (+995 32) 2 40 10 10 ან ისარგებლონ ვებგვერდით: sda.gov.ge.

ამნისტიის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა ბაზების გაწმენდა და საარჩევნო სიის სრულყოფა.
გარდა ამისა, დღეს, იუსტიციის მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომელიც საბუთებსა და მონაცემთა ბაზებში არსებული შეუსაბამო მონაცემების გასწორებისთვის შეღავათებს აწესებს.

“მე გადავწყვიტე, რომ გავამარტივოთ ყველა ის წესი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავიანთ პირად მონაცემებში და დოკუმენტებში მექანიკური შეცდომები გაასწორონ. ამ ბრძანებას პირველად ოფიციალურად თან ერთვის რუსულიდან, აზერბაიჯანულიდან, სომხურიდან ქართულ ენაზე გვარ-სახელების გადმოტანის წესები და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც მომმართვდნენ დაგმოთქვამდნენ წუხილს, რომ მათ თავიანთ მშობლიურ ენაზე ჰქვიათ ერთი სახელი, ხოლო ქართულად შეცდომით არის გადმოტანილი და ამის გამო აქვთ მიწის რეგისტრაციის თუ მემკვიდრეობის პრობლემები და ვერ იფორმებენ, რაც მათ ეკუთვნით. ეს ბრძანება არამარტო მათ, არამედ ყველას შეუწყობს ხელს, რომ სახელებსა და გვარებში არსებული მექანიკური შეცდომები გასწორდეს არამხოლოდ გამარტივებული წესით, არამედ ყოველგვარი საფასურის გარეშე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო “მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ პროცესებს დააკვირდება
შემდეგი სტატია“დანიელი ოფიცერი იმ ისტორიის ნაწილია, რომელმაც ჩვენს ქვეყანას წარმატება უნდა მოუტანოს”