იზრდება თუ არა რეალურად პენსია? – ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, განსაკუთრებით სასურსათო სექტორში, სადაც ორნიშნა ზრდა ფიქსირდება. მათი თქმით, ასეთი მდგომარეობა პენსიის 20-ლარიანი მატების პირობებში პენსიონერების მყიდველობით უნარს ვერ აღადგენს.
ეკონომისტი პაატა ბაირახტარი შექმნილ ვითარებაში გამოსავალს ინფლაციის მართვაში ხედავს.
“ინფლაცია მიზნობრივზე საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით, სასურსათო ჯგუფში, ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან მაღალი ინფლაციაა, მეტსაც გეტყვით, მტკივნეული ინფლაციაა და ასეთ რეალობაში 20 ლარით პენსიის ზრდა ვერ აკომპენსირებს მის მყიდველობით უნარსაც კი.
გამოსავალი ყოველთვის, ასეთ შემთხვევაში, არის ინფლაციის მართა. ინფლაციის მართვა ხელეწიფება ცენტრალურ ბანკს სხვადასხვა მეთოდებით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ნაკლებ ფულს დავბეჭდავთ, გვექნება ნაკლები ინფლაცია”, – ამბობს პაატა ბაირახტარი.
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანის თქმით, 2026 წელს რეალური პენსია უმეტეს შემთხვევაში არ იზრდება და ზოგ კატეგორიაში მცირდება კიდეც, რადგან ხარჯების ძირითადი ნაწილი სურსათსა და ჯანდაცვაზე მოდის.
“10%-იან ინფლაციას თუ ავიღებთ სურსათსა და ჯანდაცვაზე, 70 წლამდე მოქალაქეებისთვის, წესით, მაშინ პენსია უნდა გაიზარდოს მინიმუმ 35 ლარით. სინამდვილეში, იმ დაშვებით, რომ ამ ადამიანების თანხა იხარჯება ძირითადად სურსათსა და ჯანდაცვაზე, რაც დიდწილად ასეც არის, საქართველოში 2026 წელს რეალური პენსია კი არ იზრდება, არამედ ან ერთ დონეზე რჩება 70 ზემოთ მოსახლეობისთვის, ან მცირდება 70 დაბლა პენსიონერებისთვის.
უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს რესურსი უფრო სწრაფად გაზარდოს პენსია, მაგრამ ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ “ქართულ ოცნებას” 2026 წლის ბიუჯეტში უკვე ამის რესურსი არ გააჩნია და ეს ზრდაც კი არის მაქსიმუმი, რაც შეუძლია “ქართულ ოცნებას” გააკეთოს და ამ ზრდის ფასი არის, რომ მაგალიტად ხარჯები ინფრასტრუქტურაზე, განათლებაზე მცირდება”, – ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
მომავალი წლიდან საქართველოში პენსია, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები იზრდება.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ვებსაიტზე უკვე ატვირთულია, პენსია იზრდება:
70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში – 20 ლარით (გახდება 370 ლარი);
70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით (გახდება 495 ლარი).
რაც შეეხება თანამდებობის პირებს:
პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს – გაეზრდებათ 1400 ლარით და გაუხდებათ 16 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის – 1260 ლარით და ხდება 14 400 ლარი;
მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
დეპუტატების ხელფასი – 1120 ლარით და ხდება 12 800 ლარი.



















