გაიქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან

„ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილებას აღარ მალავს
„ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის მალე შეიძლება დიდი ომი დაიწყოს. დაახლოებით ისეთი, გიორგი მარგველაშვილსა და მმართველ პარტიას შორის რომ იყო.

ზურაბიშვილის მიმართ მმართველ პარტიაში უკმაყოფილება გასულ წელსვე გაჩნდა. „ოცნებაში“ არსებულ დაჯგუფებებს პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატები ყავდათ შეგულებული და მათთვის სალომე მიუღებელი იყო, მაგრამ რადგან ზურაბიშვილი ივანიშვილის შერჩეული გახლდათ, პროტესტი ვეღარ ჰაბედეს.

ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი კახა კალაძე იყო. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მან ღიად განაცხადა _ უკეთესი იქნებოდა, თუ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის პოსტზე სხვა კანდიდატურას შეარჩევდა.
როგორც „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერს“ უყვება, ეს განცხადება ზურაბიშვილმა გულში ჩაიდო და საჭირო დროს ელოდება, რათა კახა კალაძეს დაარტყას.

ამ საჭირო დროის ლოდინში კალაძემ დაარტყა კიდევ ერთხელ პრეზიდენტს. ამჯერად მას სხვებმაც აუბეს მხარი.
მთელი საქართველო გააოგნა იმ ინფორმაციამ, რომ მარიამობისთვის პრეზიდენტმა 22 წლის პოლიციელის მკვლელი შეიწყალა.
ამან საზოგადოების და ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია. აღშფოთდა მმართველი პარტიაც. პირველი პროტესტი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გამოხატა. მან პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე ზურაბიშვილს განმარტებები მოსთხოვა.

შემდეგი იყო პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. თავისი წილი პროტესტი მანაც გამოხატა. უკმაყოფილება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემაც გამოხატეს.

საქმე ისე მიდის, რომ ამაზე პრეზიდენტს აუცილებლად მოუწევს მმართველი გუნდისთვის პასუხის გაცემა. რომელსაც პრეზიდენტობა თავში აქვს ავარდნილი, მიაჩნია რომ სხვებზე მაღლა უნდა იდგეს და კომენტარი თავის ნამოქმედარზეც კი არ გააკეთოს.

_ არ გეტყვით რატომ შევიწყალე, _ ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ შეიწყალა 22 წლის პოლიციელის მკვლელი.
ეს ქალბატონი საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურება და ჰგონია, რომ ყველაფერი გაუვა, რადგანაც ივანიშვილი უჭერს მხარს. თუმცა მისმა ბოლო განცხადებამ მთავარ მეოცნებესთან შეიძლება საბოლოოდ დაუძაბოს ურთიერთობა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2012 წლისთვის ივანიშვილმა ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ გააერთიანა, რომ ფული ჰქონდაო. ამით მან ფაქტიურად დაამსხვრია მითი ერის გადამრჩენელის შესახებ. მისი თქმით, ივანიშვილს ფული რომ არ ჰქონოდა, ოპოზიციის გაერთიანებას ვერ შეძლებდაო.

არადა, ტყუილი არ უთქვამს პრეზიდენტს. მთავარ მეოცნებეს რომ ამდენი ფული არ ჰქონოდა, ოპოზიცია მის გვერდით დადგომას არც კი იფიქრებდა.

სიმართლე ჩვენში არ უყვართ და ეს ივანიშვილსაც გაანაწყენებს. იმასაც გააჩნია როგორ მიუტანენ მას ამბავს. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ ფულიან კაცსა და პრეზიდენტს შორის უკვე იყო უთანხმოება.
„თაიმერი“ რამდენიმე თვის წინ უკვე წერდა ამ უთანხმოების შესახებ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი ზურაბიშვილს ყოფილ პრეზიდენტთან მეგობრობის გამო შემოსწყრა.

როგორც ჩვენი წყარო ყვებოდა, იმ დროს მარგველაშვილი კვირაში ერთხელ მაინც სტუმრობდა პრეზიდენტის რეზიდენციას და სტუმარ-მასპინძელი კონიაკის წრუპვის თანხლებით საერო საქმეებს განიხილავდნენ.
ამ თემაზე ხმაურიანი საუბრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას არ დასწრებია. მის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ის შეუძლ;დ იყო, თუმცა მეორე დღეს ერევანში გაფრინდა და სახეზე ცუდად ყოფნის კვალი არ ეტყობოდა.
ამ ინციდენტის შემდეგ ზურაბიშვილი და ივანიშვილი რამდენჯერმე გამოჩნდნენ ერთად, მაგრამ ეს შერიგება არ არის. პოლიციელის მკვლელის შეწყალების გამო „ოცნებაში“ ძალიან გაბრაზებულები არიან.

ყველაზე საინტერესო კი წინ გველოდება. საპარლამენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტი აუცილებლად გამოაჩენს კბილ;ებს. „ოცნებაში“ ღიად საუბრობენ, რომ როდესაც ივანიშვილმა ზურაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა, ამ უკანასკნელმა რაღაც მოთხოვნები წამოაყენა. სხვა რაღაცებთან ერთად მან „ოცნების“ საარჩევნო სიაში საკუთარი ხალხის ჩასმაც მოითხოვა და კვოტაც დაასახელა. მაშინ დათანხმდნენ, მაგრამ ახლა სხვა დროა.

„ოცნებამ“ იცის რომ პარლამენტში ძველებურად ბევრ ხალხს ვეღარ გაიყვანს, ასე რომ ზურაბიშვილის ამბიციების დაკმაყოფილებისთვის არ სცხელათ. რასაც მოწინააღმდეგის მხრიდან დიდი ამბები შეიძლება მოჰყვეს.
არაა გამორიცხული, ზურაბიშვილი ოპოზიციასთან გაიქცეს. ასეთი რამე მან ერთხელ უკვე გააკეთა, როცა სააკაშვილის მთავრობის მინისტრი იყო.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს — ღარიბაშვილი გირჩზე
შემდეგი სტატიაჯაფარიძე ღარიბაშვილს პასუხობს-8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი