გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომამ დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილა, რომელთაგან პირველი ორი საკითხი, დღესვე ჩატარებული უმაღლესი საბჭოს სესიის მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების საგანი გახდა.
პრეზიდიუმის დღის წესრიგი ითვალისწინებდა აგრეთვე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვის შედეგების გაცნობას. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ კოლეგებს მიაწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ.
უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების შესახებ“ მოხსენება იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი გასვიანმა გააკეთა. დეპუტატების ვახტანგ ყოლბაიას, თემურ ლორთქიფანიძის, რუდიკ ცატავას,მურმან კვარაცხელიას, ნუგზარ მგალობლიშვილის შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების შემდეგ, კენჭისყრით მიღებულიქნა კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების შესახებ“
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შესახებ” ვრცელი მოხსენება წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ. საკითხის განხილვაში მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი – აფხაზეთის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრი ივანე დოლიძე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოხსენების საფუძველზე უმაღლესი საბჭოს პლენარულმა სხდომამ მიიღო დადგენილება, რომელიც აქვე ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა ერთსულოვანი განწყობის გათვალისწინებით, კენჭისყრაში მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, მათგან გაღებული სახსრებით, კვლავაც გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება უკიდურესი საჭიროების მქონე დევნილებისადმი.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სესიის სხდომები გაიმართა დისტანციურ რეჟიმში, სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი არის ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ქსოვილის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტურად მომუშავე სექტორი