პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მაისში რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას და დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადადგომას გამოეხმაურა. სამხარაძის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ცალსახად ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც საქართველო გმობს, ხოლო გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად გადაყვანა კომიკური პროცესია.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავად ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების დაცინვაა:
„გაგლოევს და ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებას ამით დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, რადგან რუსეთი, როგორც თავად ამბობს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს და ამ დროს, ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი მეორე ქვეყნის პრეზიდენტის მრჩევლად გადაჰყავს. ასეთი რამ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, ეს არის დე ფაქტო ხელისუფლების დიდი დაცინვა და კიდევ ერთი აღიარება იმის, რომ რუსეთიც კი ცხინვალს „დამოუკიდებლად“ არ მიიჩნევს“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ინფორმაციისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ვლადიმერ პუტინის მრჩევლის პოსტს დაიკავებს.

















