დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, გაერთიანებულმა სამეფომ აშშ-ს უფლება მისცა, ირანში დარტყმებისთვის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს.
მათი თქმით, შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა ექნება, ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზებიდან დაარტყას ირანის იმ სარაკეტო ობიექტებს, საიდანაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს ესხმის.
„მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რეგიონის კოლექტიური თავდაცვის მიზნით, აშშ-ის მიერ დიდი ბრიტანეთის ბაზების გამოყენების შესახებ შეთანხმება მოიცავს თავდაცვით ოპერაციებს, რაც ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებისთვის გამოყენებული სარაკეტო ბაზების განადგურებას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კირ სტარმერი ბრიტანელების სიცოცხლეს „საფრთხეში აგდებს“.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ირანმა ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ დიეგო გარსიაზე არსებული დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით ღამით, სულ მცირე, ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
მედიის ცნობით, თავდასხმა მოიგერიეს და ბაზას არცერთი რაკეტა არ მოხვდა. თუმცა, ეს ომის დაწყების შემდეგ ირანის მიერ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოყენების პირველი შემთხვევაა.
კუნძული დიეგო გარსია ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. 1970-იანი წლებიდან იქ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზა ფუნქციონირებს.















