გაეროს უშიროების საბჭო სირიაში ქიმიური იარაღის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობს

გაეროს უშიროების საბჭომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ აშშ-ს რეზოლუციის პროექტზე დაიწყო მსჯელობა, განიხილავენ, ასევე რუსეთის მიერ შეთავაზებულ ორ პროექტს აღმოსავლეთ გუტაში შესაძლო ქიმიური შეტევის შესახებ – “ბიბისი” წერს.

აშშ-ს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აუცილებელია შემთხვევის საერთაშორისო გამოძიება. რუსეთი ამას არ ეთანხმება და მზად არის რეზოლუციის საკუთარი პროექტები წარადგინოს.
ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიის არმიას ადანაშაულებენ. სავარაუდოდ, რუსეთი, რომელიც ასადის მოკავშირეა, რეზოლუციას ვეტოს დაადებს.
აშშ-ს რეზოლუცია რომ გავიდეს, მას მხარი ათმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს. თუკი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიდან – რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი ან აშშ, რომელიმე მას ვეტოს დაადებს, რეზოლუცია ვერ გავა.

ის, რომ რუსეთი დღეს თავის რეზოლუციას გაიტანდა, დღეს გავრცელდა, ამიტომ მისი დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ინციდენტი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ გამოიძიოს.

სირიის საკითხებში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ გუშინ გაავრცელა, რომ ორგანიზაცია “თეთრი ჩაფხურტების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ადამიანს აღმოაჩნდა სიმპტომები, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ. ამავე დროს მანვე თქვა, რომ გაეროს არა აქვს შესაძლებლობა ეს ინფორმაცია გადაამოწმოს.

დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ “საკმაოდ ცხადია” ვინ არის ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებელი და რომ ვაშინგტონი “მრავალ სამხედრო ვარიანტს” განიხილავს საპასუხოდ.
ამის შემდეგ ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვმა “ოფიციალური არხებით, მათ შორის, სამხედრო” აშშ გააფრთხილა “სერიოზულ შედეგებზე, რომელიც იმ შემთხვევაში დადგება, თუკი ამერიკა სირიას დაარტყამს”. საფრანგეთი აშშ-ს უჭერს მხარს.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ესაუბრა ემანუელ მაკრონს, დონალდ ტრაპმს კი სამშაბათს მოგვიანებით დაელაპარაკება. შეკითხვაზე, მხარს დაუჭერს თუ არა ბრიტანეთი აშშ, თუკი ის ძალას გამოიყენებს, მეიმ უპასუხა, რომ “მათ, ვინც პასუხისმგებელია, პასუხი უნდა აგონ”.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს განაცხადა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მყარი მტკიცებულებები არსებობს. ამავე დროს, ბაშარ ასადის მთავრობამ ქალაქ დუმაში საერთაშორისო ინსპექტორები დაპატიჟა.

გუშინ გავრცელდა, რომ შერიგების რუსულმა ცენტრმა აღმოსავლეთ გუტაში ქალაქი დუმა შეამოწმა და იქ ქიმიური იარაღის კვალი ვერ იპოვა.
9 აპრილს მტრულად განწყობილი მხარეების შერიგების ცენტრის ჯგუფმა, სადაც შედიოდნენ რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის და ჯანდაცვის სფეროების თანამშრომლები, სირიის ქალაქი დუმა დაათვალიერეს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესამოწმებლად. სამხედრო ექიმებმა ქალაქის სამედიცინო დაწესებულებები მოინახულეს, სადაც ვერ აღმოაჩინეს პაციენტები, რომელთაც ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ნიშნები ექნებოდათ.
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დუმაში არანაირი ქიმიური იარაღი არ გამოუყენებიათ, როგორც “თეთრი ჩაფხურები” ავრცელებენ” – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. ვიდეოსა და ფოტოებს კი, რომელიც გავრცელდა, ცენტრი “მორიგ ტყუილს” უწოდებს.

გუშინვე გავრცელდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით თეთრი სახლი სირიაში მომხდარი ქიმიური ნივთიერების გამოყენების გამო საპასუხო ზომებს მალე გადაწყვეტს. “ეს კაცობრიობის საქმეა და ასეთი მოქმედებები დაუშვებელია რუსები არიან ეს, სირიელები თუ ირანელები, მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ ამას დავადგენთ” – თქვა ტრამპმა. აშშ თავის გადაწყვეტილებას ერთ ან ორ დღეში გამოაქვეყნებს. გამორიცხული არ იქნება რეგიონში სამხედრო ჩარევა – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, 9 აპრილს გავრცელდა, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში მდებარე ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო “სერიოზულად შეშფოთებულია”. ორგანიზაცია ფაქტის გამოძიებას აპირებს. კერძოდ, დაკითხავს თვითმხილველებს, შემთხვევის ადგილზე ნიმუშევს აიღებს და შეაგროვებს. ამასთანავე, ორგანიზაციის კომპეტენციაში არ შედის ნივთიერების გამავრცელებელი მხარის დადგენა. სამუშაოს დასრულების შემდეგ შედეგები გადაეცემათ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის მონაწილე ქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიშსს ინფორმაცია ვეძისის დასახლებაში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ოცნების შიდა დაპირისპირებაში არ არსებობს ფრონტის ხაზი