გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის შესახებ განახლებული რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა უკრაინის მიერ ინიციირებული განახლებული რეზოლუცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმსა და სევასტოპოლში, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

კენჭისყრა ნიუ-იორკში, გენერალური ასამბლეის სხდომაზე 18 დეკემბერს გაიმართა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 79 სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ. წინააღმდეგი იყო 16 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ბელარუსი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა და ნიკარაგუა, ხოლო 72 სახელმწიფომ თავი შეიკავა.

დოკუმენტი გმობს რუსეთის აგრესიას, ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანისკენ.

რეზოლუციაში დეტალურად არის აღწერილი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ტერიტორიების მილიტარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი მობილიზაცია, სამხედრო ტყვეების წამება, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის განადგურება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა და მათი პოზიცია „პრინციპულ მხარდაჭერად“ შეაფასა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტი ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში კაროლ ნავროცკის შეხვდა