“ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.
რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.
რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.
აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს”,_ წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.















