გაერო-ში უკრაინის ელჩი – 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით, ოკუპანტი განაგრძობს ქართულ მიწაზე უკანონო ყოფნას

ჩვენ ნამდვილად ერთ წრეზე ვტრიალებთ. ეს არის სისხლისღვრისა და დაუსჯელობის წრე, რადგან ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ამ ასამბლეაშიც კვლავ სავსეა გულგრილობით იმის მიმართ, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა სერგეი კისლიცამ გაერო-ს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სუამ-ის წევრები ევროპაში კონფლიქტების შედეგად ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებად რჩებიან.

„დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი) არის ოთხი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია. სუამის წევრები რჩებიან ევროპაში კონფლიქტების შედეგად ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებად, მათი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით, მათი თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვით, მათი განვითარებისა და მათი ხალხის საარსებო წყაროს შეფერხებით“, – განაცხადა სერგეი კისლიცამ.

გაერო-ში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ აგვისტოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა რუსეთის ფართომასშტაბური სამხედრო აგრესიით. მისივე თქმით, 14 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ უარს აცხადებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამვლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით და საქართველოს აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონების ოკუპაციით. 14 წლის შემდეგ ამ აგრესიისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ავტორი, რუსეთი კვლავ უარს აცხადებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და 8 სექტემბერს შეთანხმებული ზომები. კერძოდ, გაიყვანოს თავისი ძალები და შეიარაღება ორივე რეგიონიდან, დაუშვას ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნა. გახსოვდეთ ეს, როდესაც ხელს უწყობთ რუსეთთან გარიგებებს. მეტიც, ოკუპანტი განაგრძობს ქართულ მიწაზე თავის უკანონო ყოფნას და სამხედრო საქმიანობას, ასევე თავისი კონტროლის გაძლიერებას საქართველოს ტერიტორიის ნაწილებზე“, – განაცხადა სერგეი კისლიცამ.

ამასთან, სერგეი კისლიცა გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ უკრაიანა არის ამ რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი და კენჭისყრაზე მის დამტკიცებას მისცემს ხმას.

„კონფლიქტის შედეგად საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ასობით ათასი კაცი, ქალი და ბავშვი რჩება იძულებით გადაადგილებულად და 90-იანი წლების დასაწყისიდან ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღა განხორციელდა. რეზოლუცია ყველას გვავალდებულებს, გავაგრძელოთ მუშაობა იძულებით გადაადგილებული პირების დაცვისა და დახმარების უზრუნველსაყოფად. უკრაიანა არის ამ რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი. ეს არის შესაძლებლობა გაერო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის, კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთ მხარდაჭერა დევნილებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნების უფლებისადმი და გამოხატონ სოლიდარობა იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ. რუსეთი არ გაჩერებულა საქართველოში. 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა თავისი სამხედრო აგრესიის ინსტრუმენტებისა და ყველაზე არაჰუმანური, ბარბაროსული მეთოდების გამოყენება უკრაინაში. 2014 წლის ინტერვენციას მოჰყვა ომის რვა ხანგრძლივი წელი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში ფართომასშაბურ ინტერვენციაში გადაიზარდა, რომელიც მიმართულია უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ, ძალის გამოყენებით უკრაინული ტერიტორიის მიტაცებისა და საოკუპციო კონტროლის დამყარებისკენ“, – განაცხადა სერგეი კისლიცამ.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 95-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელი – მივესალმებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზით განცალკევებული მოსახლეობის შერიგების ხელშეწყობას ითვალისწინებს
შემდეგი სტატიამდინარაძე ნიკა გვარამიაზე – თუ 7 მილიონამდე ზიანის მიმყენებელი ადამიანის შეწყალებაზე უნდა ვილაპარაკოთ, ბევრი ადამიანია, ვინც 10-20 და 30 ათასისთვის ციხეშია, მაშინ მათ შეწყალებაზეც ვისაუბროთ