ისრაელის ხელისუფლება თვლის, რომ ღაზაში 150-მდე მძევალია დაკავებული, – ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა განაცხადა.
”ჩვენ გვყავს მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა, 100-150-მდე. ველით, რომ წითელი ჯვარი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ფოკუსირებას მოახდენს ამ მძევლებზე და იმაზე, თუ როგორ ექცევიან მათ და რომ მათ ეპყრობიან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, მისი თქმით, მძევლებთან დაკავშირებული სიტუაცია ისრაელს ხელს ვერ შეუშლის იმაში, რაც უნდა გააკეთოს, რათა ისრაელის მომავალი დაიცვას.
„ჩვენ ვერ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის, თუ „ჰამასი“ გააგრძელებს სამხედრო გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ჩვენი ბიჭები, გოგოები, ბებიები, ყველა, ვინც გაიტაცეს, გვსურს მათი დაბრუნება სახლში, მაგრამ ახლა, ფოკუსირებული ვართ ჩვენს ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობას“, – განაცხადა ელჩმა.