საქართველო ისტორიაში პირველად საჯარო სერვისების გაერო-ს (UN) ფორუმს მასპინძლობს. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ თბილისში სამი დღის განმავლობაში მსოფლიოს 100-ზე მეტი სახელმწიფოს მინისტრები, მერები და დარგის წამყვანი ექსპერტები შეიკრიბებიან.
ძამაშვილის თქმით, ეს მასშტაბური ღონისძიება საქართველოს მიერ საჯარო ადმინისტრირების კუთხით მიღწეული წარმატებების აღიარებაა.
გარდა ამისა, ფორუმი უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად, რადგან ქართულ მხარეს უმაღლესი დონის დელეგატებთან პირისპირ დიალოგის შესაძლებლობა ექნება.
ფორუმს, სახელწოდებით „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუა გახსნიან.















