გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა ძალიან დაგვეხმარება პრობლემებთან გამკლავებაში

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად საქართველოს არჩევა იმ მიღწევების დამსახურებაა, რომელიც ქვეყანას ქალთა გაძლიერების კუთხით აქვს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველო პირველად გახდა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რაც იმ მიღწევების დამსახურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ქალთა და გოგონათა გაძლიერების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვრჩება, ნათელია, რომ სახელმწიფო ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად; თანასწორი გარემოს შესაქმნელად; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლის გასაზრდელად და სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ქალთა და გოგონათა უფლებებზე მუშაობისთვის საჭირო ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საქმიანობა სულ უფრო ეფექტური ხდება.

როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა საქართველოს დაეხმარება არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში.

„დარწმუნებული ვარ, წევრობის სამ წლიან პერიოდში საქართველო შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწევს და სხვა ქვეყნებსაც გაუზიარებს თავის გამოცდილებას“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

16 აპრილს, ნიუ-იორკში საქართველო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად 2019-2021 წლების ვადით აირჩიეს.

ვირუსის ბლოკატორები