“გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის მხრიდან რუსეთის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმის”

საქართველოს და უკრაინის მხრიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმის, – ამის შესახებ, “რია ნოვოსტის” ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა განაცხადა.

“ჩვენ მოვისმინეთ ამ დარბაზში საქართველოს წარმომაგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მეზობელ დარბაზში კი უკრაინის წარმომადგენლების. მიგვაჩნია, რომ მათ გამოსვლებში რუსეთის მიმასამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმოდა”, – განაცხადა გატილოვმა, რომელიც დევნილთა და მიგრანტთა სკაითხისდამი მიძღვნილ გაერო-ს სამიტს ესწრებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ორი ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები თავიანთი ბრალდებებით ცდილობენ, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბარონ.

19 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა დევნილთა და მიგრანტთა ნიუ-იორკის დეკლარაცია, რომელიც 2018 წლისთვის მიგრაციის პრობლლმების დასარეგულირებლად ორი გლობალური შეთანხმების შემუშავებას და მიგრანტების მიღების პასუხისმგებლობის სამართლიან განაწილებას ითვალისწინებს.

მიგრაციის პრობლემისადმი მიძღვნილ სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა სიტყვით.

“90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის პირობებში რამდენჯერმე განხორციელდა ეთნიკური წმენდა. დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა სულ ოთხ მილიონს შეადგენს. საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე მავთულხლართების განთავსების პირობებში მათი შინ დაბრუნების პერსპექტივა არცთუ ისე იმედის მომცემია. ამასობაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას. დაუშვებელია ამაზე და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებზე თვალის დახუჭვა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
შემდეგი სტატიარუსეთში უკრაინული ორგანიზაციის “ოპლოტის” ლიდერი ევგენი ჟილინი მოკლეს