გაერო ნინოწმინდაზე: მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, პატივი სცენ ბავშვებს

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ჯგუფი ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას გმობს.

“საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამგვარად, ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას”, – წერია განცხადებაში.

ჯგუფი ასევე აღნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ ის დაწესებულებაში მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება.

“ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივი სცენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად”, – წერია ჯგუფის განცხადებაში.

რეკომენდაციის სახით ჯგუფი აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

“დაბოლოს, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების კონსტიტუციური მანდატის განხორციელებაში შესაძლო ჩარევის აღმოსაფხვრელად და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ბოლოდროინდელი მოთხოვნის შესასრულებლად”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე 20-ზე მეტი ბავშვი რჩება.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრი: წელს, მთავრობის ვალი 55%-ს ჩამოსცდება
შემდეგი სტატიახოჯევანიშვილი ე.წ. მუქარის წერილზე: “ჩამოყალიბდნენ”