Reuters-ის ინფორმაციით, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ივნისში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 265 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 816 დაშავდა. ეს მაჩვენებელი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
დიკარლოს განმარტებით, მაისში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და დაშავებულთა რაოდენობა 2022 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, თუმცა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წინასწარი მონაცემებით, ივნისში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა.
გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, ეს საგანგაშო ტენდენცია, სავარაუდოდ, ივლისშიც გრძელდება. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა სამი მასშტაბური იერიში მიიტანა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, სადაც სამიზნეს მჭიდროდ დასახლებული რაიონები წარმოადგენდა.
„ნებისმიერი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სადაც არ უნდა მოხდეს ის, წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, — ხაზგასმით აღნიშნა დიკარლომ.
OHCHR-ის მიერ დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია სულ მცირე 16 402 მშვიდობიანი მოქალაქე (მათ შორის 802 ბავშვი), ხოლო დაშავდა 48 428 ადამიანი (მათ შორის 2 948 ბავშვი). ამასთან, გაეროში აღნიშნავენ, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალია.
















