14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

გაძვირდება თუ არა კვერცხი- რას ამბობენ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციაში

საქართველოში კვერცხის გაძვირება არ იგეგმება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ოპტიმიზმის საფუძველს რუსეთში ხორბლის ექსპორტის პრობლემები იძლევა, რის გამოც ქართველი მწარმოებლები ქათმის საკვებს მისაღებ ფასად ყიდულობენ და იმარაგებენ.

„კვერცხის ფასის გაძვირება არ მოხდება, ამის ნიშნები არც არის. რომ ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ზუსტად ასე ვართ. მოგეხსენებათ, რუსეთს ხორბლის რეალიზაციის სერიოზული პრობლემა შეექმნა, ჩვენ კი სწორედ ის ქვეყანა ვართ, ვისთანაც ხმელეთით, ყოველგვარი რისკის გარეშე შეუძლიათ გადმოტანა. სწორედ მათგან ვყიდულობთ ხორბალს, რომელშიც ამ ეტაპზე დაბალ ფასს ვიხდით. კვერცხის ფასი სწორედ ქათმის საკვების ღირებულებაზეა დამოკიდებული“, — აღნიშნა უჩუმბეგაშვილმა.

სტატისტიკური მონაცემები ასოციაციის ხელმძღვანელის პოზიციას ადასტურებს. საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორი რუსეთია. წელს, იანვარ-ივლისის მონაცემებით, ჩრდილოეთ მეზობლისგან პროდუქტის შემოტანა ტონაზე დაახლოებით 10 დოლარით გაიაფდა — თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 ტონა ხორბლის შესყიდვა (გადასახადების გარეშე) 267 დოლარი ჯდებოდა, წელს ეს ფასი 257 დოლარამდე შემცირდა.

სტატისტიკური დინამიკა იანვარ-ივლისის პერიოდში:

მიმდინარე წელი: 194 932 ტონა ხორბალი ($50.174 მლნ)

გასული წლის ანალოგიური პერიოდი: 147 105 ტონა ხორბალი ($39.218 მლნ)

საერთაშორისო ბაზარზე არსებული პროგნოზებით, რუსული ხორბლის ექსპორტი შესაძლოა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, ჩრდილოეთ მეზობელმა წლის ბოლომდე 5-დან 10 მილიონ ტონამდე ხორბლის ექსპორტი დაკარგოს, რაც საქართველოსთვის იაფი ნედლეულის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშირომელ კუთხეში რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული
შემდეგი სტატიაTUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი