გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტიკის რეგულაციის გადავადება არ იგეგმება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
საქმე ისაა, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს 1 ივლისიდან მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში/ნაკეთობაში შეფუთული/განთავსებული სურსათის მიწოდება აეკრძალებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის პირველი აპრილიდან უკვე აიკრძალა საქართველოში ერთჯერადი პლასტიკის ჭურჭლის, ჭიქების, თეფშების, დანების, კოვზების, საწრუპების იმპორტი და რეალიზაცია, რასაც პირველი ივლისიდან პლასტიკის ბოთლებით საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სასმელების რეალიზაციაც დაემატება. შესაბამისად, პირველი ივლისიდან კომპანიებს მომხმარებელთა მომსახურება ალუმინის ქილის ან შუშის ბოთლების გამოყენებით მოუწევთ. ამასთან, პლასტიკის ბოთლების სრული აკრძალვა გადავადდა და ის 2031 წლიდან ამოქმედდება.
როგორც მინისტრი ამბობს, მზა საკვებთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფი პლასტიკი კიდევ უფრო დიდ პრობლემებს ქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ბიზნესი უნდა აეწყოს ამ მოცემულობაზე.
“პლასტიკს აქვს ორი ძალიან დიდი გამოწვევა. ერთი არის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენება და მეორე არის ნარჩენები გარემოში. ამ ორივე საკითხთან მიმართებით იყო მიღებული გადაწყვეტილება. აიკრძალა ერთჯერადი პლასტიკის იმპორტი. შესაბამისად იყო განსაზღვრული ვადები, იმიტომ რომ ბიზნესის ინტერესებიც მაქსიმალურად გათვალისწინებული ყოფილიყო, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მიგვეცა დრო იმისთვის, რომ იმპორტირებული პროდუქცია რაც ჰქონდათ ამოეყიდათ.
მინდა აღვნიშნო, რომ ჯანმრთელობისთვის კატასტროფულად მნიშვნელოვანია, რომ მზა საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტიკი იყოს დარეგულირებული, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი ჯანმრთელობისთვის თუ რამე შეიძლება იყოს და ეს ბევრი სხვადასხვა კვლევებით არის დადასტურებული. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის ის, რაც არის.
რაც შეეხება ბოთლებთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ კიდევ ერთხელ, ბიზნესთან კონსულტაციით და შეხვედრებით, აქტიური თანამშრომლობით ზუსტად 4 წელი იყო მოთხოვნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესი გადაწყობილიყო. იყვნენ ძალიან კონსტრუქციული, ამისთვის ბიზნესს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესი მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა, კიდევ ერთხელ ზუსტად ასე მიუდგნენ ამ საკითხს. ზუსტად ამიტომ, საერთო მომხმარებლის და ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ოპტიმალური ვადები იყო განსაზღვრული იმისთვის, რომ ბიზნესის წარმოება გადაეწყო.
მზა საკვებთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფი პლასტიკი კიდევ უფრო მეტად დიდ გამოწვევებთან არის ჯანმრთელობის ნაწილთან დაკავშირებული. აგრეთვე უფრო იმპორტია, ადგილობრივი წარმოების კომპონენტი ამ ნაწილში უფრო ნაკლები არის. ამით, შესაბამისად, იმპორტთან მიმართებით იმპორტიორებს გადაწყობა პროდუქციის უფრო ადვილად შეუძლიათ. ამიტომაც იყო განსაზღვრული ვადები, იმპორტიორებთან ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი წინა წლის აგვისტოდან იყო დაწყებული. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება ნოემბრის ბოლოს მივიღეთ, მანამდე კონსულტაციები გვქონდა.
მზა საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტიკის გადავადებასთან დაკავშირებით რამე განსაკუთრებული და მწვავე პრობლემა ამ ეტაპზე არ არის. რა თქმა უნდა, გამოსავალი ბიზნესმა უნდა იპოვოს და იმ მოცემულობაზე აეწყოს”, – ამბობს სონღულაშვილი.
რეგულაციის შედეგად ფასების ზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მინისტრი პასუხობს: “გაძვირებაზე ვერ დაგეთანხმებით. საკვებთან შემხებლობაში მყოფ ერთჯერად პლასტიკზე ვსაუბრობთ. ერთჯერად თეფშთან, ჩანგალთან, კონტეინერთან მიმართებით ქაღალდის და სხვა უამრავი შეთავაზებით შეიძლება ჩაანაცვლო”.
















