გადაწყვეტილებებს ვიღებ ისე, როგორც შეესაბამება კანონმდებლობას და ჩვენს რწმენას – ცქიტიშვილი “გაზპრომთან” გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე

ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსული ენერგოკომპანია “გაზპრომი” საქართველოს ხელისუფლების კაბალურ პირობებზე დათანხმებას ცდილობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ეხმაურება. მაია ცქიტიშვილი ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.

ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„როგორც ვიცე პრემიერი და ამ მთავრობის წევრი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ჩვენ არც ერთხელ არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააზიანებდა. ასეთი სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გვსმენია უშუალოდ “გაზპრომთან” მიმართებაშიც და როგორც ვნახეთ, არც ერთხელ არ ავყოლილვართ არც კაბალურ პირობებს, არც განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არ ვყოფილვართ არასდროს, ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებებს ვიღებ ისე, როგორც ეს შეესაბამება, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას და რაც შეესაბამება, ჩვენს რწმენასაც,“ – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

“გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით მოლაპარაკებები რუსულ კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის არ დაწყებულა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რუსული ენერგო გიგანტი საქართველოს კაბალურ პირობებზე დაყოლიებას ცდილობს.

მათი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი ახალი ხელშეკრულების გაფორმების გაჭიანურებისა.

მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები, რა ეტაპზეა ან რას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლება რუსული ენერგოგიგანტისგან სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ უცნობია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს მხოლოდ იმას, რომ საქართველო არ აპირებს სატრანსპორტო ფუნქციაზე უარის თქმას.

banner
წინა სტატიაშითბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
შემდეგი სტატიაავტოფარეხზე გაკეთებული ბენკსის ნახატი 100 ათას ფუნტად გაიყიდა