გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს – საია

შუალედურ არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიაში ყურადღებას გადასატანი ყუთზე ამახვილებენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
“საია აგრძელებს ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 26 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესწავლას. კომისიის გადაწყვეტილებით, ვანის საარჩევნო ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში დამატებით შეიყვანესდაახლოებით 300 ამომრჩეველი, რაც კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 3%-ს აღემატება.
საიას დამკვირვებლების მიერ დამატებით საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილ იქნა აღნიშნულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მასალების ასლები. კონკრეტულად:
– საოლქო კომისიის #13/2018 განკარგულება და დანართი;
– კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი,
– საოლქო საარჩევნო კომისიაში ვანის საარჩევნო უბნებიდან შესული ამომრჩევლების განცხადებების ასლები გადასატანი ყუთით ხმის მიცემის მოთხოვნის თაობაზე.
გარდა ამისა, საიას დამკვირვებლების მიერ ვანის #21 და #23 საარჩევნო უბნებზე გადამოწმდა გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანის საკითხი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა შემდეგი:
– #21 უბანზე განცხადებები ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეყვანასთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიაში წარადგინეს კოორდინატორებმა, რის შემდეგაც აღნიშნულ განცხადებების საფუძველზე მოხდა ამომრჩევლების შეყვანა გადასატანი ყუთის სიაში;
– #23 საარჩევნო უბანზე კი დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილმა რამდენიმე ამომრჩეველმა უარი განაცხადა ხმის მიცემაზე იმ არგუმენტით, რომ არ სურდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. კომისიის წევრების განმარტებით, მათ გამოხატეს უკმაყოფილება მათი გადასატანი ყუთის სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.
საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც: საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანისარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონოზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით.
შესაბამისად, იკვეთება, რომ ვანის #21 და #23 საარჩევნო უბნების შემთხვევაში სავარაუდოდ, დარღვეულია ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესი. ამასთან, შესაძლოა, ზემოთ აღნიშნული ფაქტები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. აგრეთვე, არ არის გამორიცხული რომ მსგავს ფაქტებს შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სხვა საარჩევნო უბნებზე.
აქვე განვმარტავთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება #13/2018 დაუსაბუთებელია. ასევე დაუსაბუთებელია კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად იყო საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმირებული კონკრეტულ ამომრჩეველთა მიერ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საჭიროების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში საფუძვლიანად განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განკარგულება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ადგილი არ ჰქონდა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებას და საკითხის საფუძვლიან შესწავლას, რაც გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება ადმინისტრაციული საქმისწარმოების პრინციპებსა და სტანდარტს,”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 1 თვის განმავლობაში 148 ერთეული იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დასკვნა სასამართლო პროცესზე განიხილეს