გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, ძირითადი თანხის გადახდის პირობით, ​გათავისუფლდეს ჯარიმა-საურავებისგან

გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს დღემდე წარმოშობილი, მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, იქნება ეს აღიარებული საგადასახადო დავალიანება თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და მთავრობამ ნა ინიციატივა მოიწონა.

ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს აღნიშნული პირობების შესრულება.

„გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ ჯარიმა-საურავებისგან, შესაძლებლობა ექნებათ, ანალოგიური პირობით განახორციელონ საგადასახადო დავალიანებაზე შეთანხმების გაფორმება დავალიანების 30 პროცენტის გადახდის შემთხვევაში. აღნიშნული ინიციატივა ეხება გადასახადის ყველა გადამხდელს, გადასახადის გადამხდელის ყველანაირ საგადასახადო დავალიანებას, მათ შორის აღიარებულს, მათ შორის საგადასახადო დავაში მყოფს, ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თუ სასამართლო სისტემაში. მსგავსი ფორმითა და პირობებით წარმოდგენილი განცხადებები ფაქტობრივად ავტომატურ რეჟიმში იქნება დაკმაყოფილებული, რაც უზრუნველყოფს, რომ პროცესი იყოს სწრაფი, მარტივი და შეუფერხებლად განხორციელდეს აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ინიციატივა ერთჯერად ხასიათს ატარებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმა-საურავების პატიების შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის, რომელიც უკავშირდება გადამხდელებისთვის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევას. თავის შინაარსით, იქიდან გამომდინარე, რომ სრულად ხდება ძირითადი თანხის გადახდა, ამ ფორმით აღნიშნული ინიციატივა არანაირად არ შექმნის არაკონკურენტულ გარემოს“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მეწარმეებს ხვალიდან უკვე შესაძლებლობა ექნებათ, მიმართონ შემოსავლების სამსახურს აღნიშნული საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.

„გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელებს შესაბამისი ინფორმაცია უკვე ხვალიდან მიეწოდებათ იმ არხებით, რა არხებითაც შემოსავლების სამსახური კომუნიკაციას ამყარებს მათთან, ანუ ელექტრონულად, მათ პორტალზე“, – დასძინა ფინანსთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირებულმა მხარეებმა დმანისის ცენტრში გადაინაცვლეს – დაძაბული ვითარებაა დმანისში
შემდეგი სტატიათურქეთს სურს ევროკავშირის სამხედრო პროექტს შეუერთდეს