გადასახადებს არ იხდის თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა, ეს არის უპასუხისმგებლობის ზენიტი

არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, ვინმეს დაზარალებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს რამე ფაქტები აქვს და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ოქუაშვილს, მან ეს ერთ პაკეტად უნდა შეკრას, თავისი იურისტის ან ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს. ასე არის, როდესაც ხდება ცივილურად საუბარი, როდესაც ამას აქვს პროცესის შექმნის იმიტაცია, აქ ჩნდება ბევრი კითხვა. საზოგადოების დიდი ნაწილსაც ბევრი კითხვა უჩნდება. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავყოთ ის საკითხი, რომლის გაყოფას არ სურს როგორც ჩანს ოქუაშვილს, ეს არის საქმე, რომელიც ეხება გადასახადების გადახდას და ყველა სხვა ეპიზოდი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„უფრო მეტი უპასუხისმგებლობა არის ის, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე დგება კითხვის ნიშნს ქვეშ, იქიდან გამომდინარე, რომ გადასახადებს არ იხდის თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა. ეს არის უპასუხისმგებლობის ზენიტი ჩემი გადასახედიდან. მე როდესაც ვიყავი ფინანსთა მინისტრი, არაერთხელ განვაცხადე ამის შესახებ, რომ ჩვენთვის მთავარი ფასეულობა გახლავთ დამსაქმებელი. ყველა ადამიანი, რომელიც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, იმსახურებს ძალიან დიდი მხარდაჭერას და პატივისცემას საქართველოს მთავრობის მხრიდან. როდესაც მოდის ორგანიზაცია და ამბობს, რომ სურს, ამ საქმიანობის გაგრძელება, სურს, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაუდგეს გვერდში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროსაც „ომეგა ჯგუფს“ დიდი დავალიანება ჰქონდა, თუმცა როგორ დააგროვა მან ეს აქ შეიძლება არსებობს ობიექტური კითხვები.

„ჩემი ფინანსთა მინისტრობისას ამ ორგანიზაციას უკვე ჰქონდა საკმაოდ მსხვილი დავალიანება და ის კიდევ უფრო გაიზარდა. სახელმწიფომ მაქსიმუმი გააკეთა, 11-ჯერ მოახდინა იმ ნაბიჯების გადავადება, რაც ამ პერიოდში დგება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კეთილგანწყობაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორ დააგროვა მან ეს დავალიანება, აქ შეიძლება არსებობდეს ობიექტური კითხვის ნიშნები, რომლებსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. მაგრამ, თუნდაც ეს შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორი მეგობრულია განწყობა ზოგადად ბიზნესის მიმართ და რამდენად მაღალია მხარდაჭერა, ყველა გადასახადის გადამხდელისადმი, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ეს ნიშნავს ბიძინას რეჟიმის დასასრულს, ეს არის ფინალი