გადასახადების შემცირება, 100 000 სამუშაო ადგილის შექმნა – რა ვალდებულებებს იღებს პარტია

ევროპული საქართველოს ლიდერებმა ქუთაისში “ვალდებულების ბარათს” მოაწერეს ხელი. ვალდებულების ბარათი ჩამონათვალია იმ ნაბიჯებისა, რომელსაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გადადგამს, მათ შორისაა, გადასახადების დაწევა, თვითმმართველობის გაძლიერება, პენსიების გაორმაგება და სხვა.

“ამ ბარათით ევროპული საქართველო იღებს ვალდებულებას, შეამციროს გადასახადები, შექმნას 100 000 სამუშაო ადგილი, თითოეულ ოჯახს დაუზოგოს ყოველწლიურად დაახლოებით 2 000 ლარი. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გავაორმაგოთ პენსია, გავაორმაგოთ დევნილთა დახმარება და სოციალური დახმარება.

ვიღებთ ვალდებულებას, მეტი ქონება გადავცეთ ხალხს და მეტი ქონება გადავცეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენგანი პასუხს ვაგებთ ჩვენი ხელმოწერით”, – განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, იმ ნაბიჯების გარდა, რომელსაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გადადგამს, ვალდებულების ბარათი მოიცავს იმ ნაბიჯებსაც, რომელთა არგადადგმითაც პარტია ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს.

“ევროპული საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ქართულ ოცნებას, ვინაიდან ეს გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, მშვიდობიანად და პოლიტიკურად უნდა დასრულდეს ამ არჩევნებზე.

მეორე, არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ქვეყანაში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დრო დასრულდა და მომავალი ეკუთვნის კოალიციურ მმართველობას”, – ამბობს ბაქრაძე.

პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ სააკაშვილის პრემიერობაზე გაცხადებული უარის მიუხედავად, ევროპული საქართველო თანამშრომლობს სხვადასხვა საკითხებზე ნაციონალურ მოძრაობასთან, როგორც ღირებულ ოპოზიციურ ძალასთან.

ხობში, ფოთსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, ვალდებულებების ბარათში შეტანილი დაპირებები არის ერთადერთი მწყობრი გეგმა, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად.

“გარდამტეხი ცვლილებები სწორედ იმაშია, რომ უკან კი არ ვიყუროთ და მხოლოდ ივანიშვილი კი არ ჩამოვიცილოთ და მერე ვთქვათ, რომ რაღაცა იქნება, არამედ გვქონდეს მწყობრი გეგმა, გეზი და კომპასი, რაც არის ჩვენს ხელშეკრულებაში, ჩვენს ვალდებულებათა ბარათში.

ეს არის სწორედ გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრება, თავისუფალი სასამართლო ნაფიცი მსაჯულებით და რეალური თვითმმართველობა”, – ამბობს გიგა ბოკერია.

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთო კახიძემ კი იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლებსაც პარტია, გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ ქუთაისში გაატარებს.

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რაც ეხება ამ ქალაქს, ქუთაისს. ეს არის პარლამენტის დაბრუნება ქუთაისში, Ryanair-ის ბაზა უნდა გაიხსნას, Wizzair-ის ბაზის აღდგენასთან ერთად, რათა მილიონი ტურისტი შემოვიდეს ქალაქში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ გადასახადების შემცირებას, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ და რომ შემოვიდეს დოვლათი ქუთაისში”, – განაცხადა ოთო კახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა საქათველომ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარუდგინ
შემდეგი სტატიააჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის ათეული ცნობილია