“გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოებამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე,” – მიხეილ ჯანელიძე გაეროში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გაეროში სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა, რუსული ოკუპაცია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები იყო. მაღალი დონის შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ შეკრებილებს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მიხეილ ჯანელიძემ, საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ძირითადი პრინციპები გააცნო. მინისტრმა დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

“საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაცია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ნიმუშია, რომლის მიზანიც მეზობელი ქვეყნების სუვერენული არჩევანის შეზღუდვაა. რუსეთი უარს ამბობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიების დაშვებაზე ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ოკუპირებულ რეგიონებში სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტები ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე მეტყველებს. 22 თებერვალს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი უკანონოდ დააკავეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. პატიმრობაში მისი სიცოცხლის ხელყოფა მოხდა და მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებისა, მისი ცხედარი ოჯახს მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გადაეცა. ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, მის სხეულზე წამების კვალი აღმოჩნდა.

“საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარების გაუარესებიდან გამომდინარე, გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოებამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და უზრუნველჰყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება. ასევე მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიების, დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება საერთაშორისო საზოგადოების დღის წერიგში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყოს,”-აცხადებს ჯანელიძე.

banner
წინა სტატიაშიმუხთარლი პატიმრობაში რჩება – შაქის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიამუხთარლის ადვოკატს ლიცენზია შეუჩერეს