გადაარჩინე პენკა – ძროხას ევროკავშირში კლავენ იმიტომ რომ ის სერბეთში “დოკუმენტების გარეშე” გადავიდა

ძროხა პენკა ბულგარეთში სერბეთის საზღვართან ბედნიერად ცხოვრობდა, კანონს ყურადღებას არ აქცევდა და საზღვარზე ხშირად გადადიოდა. მაკეობის მეექვსე თვეზე სერბეთიდან ბულგარეთში გადმოსული პენკა მესაზღვრეებმა დააკავეს. ევროკავშირის წესებმა კი ძროხის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს. პენკას ბედმა საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.
მაკე ძროხა სერბეთის საზღვრისპირა სოფელ ბოსილეგრადში აღმოაჩინეს. ვეტერინარებმა, რომლებიც ევროკავშირის ქვეყანას არ წარმოადგენენ, ცნობა გასცეს, რომ ძროხა ჯანმრთელია. პენკას პატრონის ივან ჰარალამპიევის გამოჩენამდე მას სერბი ფერმერი პატრონობდა. ივანი პენკას წამოყვანას გეგმავდა როგორც კი ის ისევ ბულგარეთის ტერიტორიაზე გამოჩნდებოდა, მაგრამ ბულგარელმა ვეტერინარებმა საქონლის დაძინების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგანაც ძროხა “შესაბამისი დოკუმენტების გარეშე” შევიდა სერბეთიდან ბულგარეთში, არაევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. პენკას პატრონი თვლის, რომ საქონლის დაძინება არაადამიანური კანონია. “მგლებმა შეაშინეს. ორი კვირა ვეძებდი, მაგრამ მან გაიარა სასაზღვრო პუნქტი. სად იყვნენ პოლიციელები, მესაზღვრეები, მებაჟეები მთელი ეს ხანი?” – ფერმერი ამბობს ბულგარეთის ტელევიზიასთან საუბარში.

ისტორიას ინგლისელი ევროდეპუტატი-კონსერვატორი ჯონ ფლეკი გამოეხმაურა. ის თავის წერილებში, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობას გაუგზავნა ბრიუსელში და ასევე, ბულგარეთის მთავრობას, პენკას განთავისუფლებას ითხოვს. მასთან ერთად, change.org-ზე Daily Telegraph-ის ჟურნალისტებმა პენკას განთავისუფლების შესახებ პეტიცია გამოაქვეყნეს, რომელსაც ერთ ღამეში 10 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
“პენკას შემთხვევა ევროკავშირის ბიუროკრატიის მაგალითია ჩვეულებრივ ადამიანებთან მიმართებაში” – წერია მიმართვაში. ევროკავშირში ათასობით ადამიანი შეუერთდა პენკას გადარჩენის აქციას ჰეშთეგით #savepenka (გადაარჩინე პენკა). “დღეს პენკაა, ხვალ რომელიმე ჩვენთაგანი იქნება” – წერენ “ტვიტერის” მომხმარებლები.
პენკას ბედი ჯერჯერობით, ისევ გაურკვეველია.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დრო განისაზღვრა
შემდეგი სტატიასირია გაეროსგან მოითხოვს აშშ-ს კოალიციის სამხედრო დანაშაულებები შეაჩეროს