გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო „ლელოს“ სამი და „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ერთი წევრი 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდნენ

გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო „ლელოს“ სამი და „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ერთი წევრი 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდნენ.

ისინი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გააცნეს.

„ლელოს“ წევრები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

„სამი ფურცელი ჩაგვაბარეს და გვითხრეს, რომ ეს არის მტკიცებულება, რომ ჩვენ ვიყავით დაუმორჩილებლობის აქციაზე. ჩვენ ვთქვით, რომ იქ არ ვიყავით და დაგვიმტკიცეთთქო. ფურცლის საფუძველზე როგორ შეიძლება, რომ დაადასტურონ ჩვენი იქ ყოფნა. უგულებელყოფენ იმას, რომ პოლიტიკურ მანიფესტაციაში ვიყავით და ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას გამოვხატავდით, რომელიც საზოგადოებრივი სიკეთისთვის გავაკეთეთ და ამ აბსოლუტურად არაადეკვატური ჯარიმებისა და შეზღუდვების მოხსნას მოვითხოვდით. სამწუხარო იყო, რომ ძალიან დაბალი კომპეტენციის ადამიანები შეგხვდნენ მოპირისპირე მხარეს. სამი ფურცელი იყო, რომელზეც ეწერა, რომ ჩვენ იქ ვიყავით. ვაპირებთ, გავასაჩივროთ ეს ჯარიმა, მივყვეთ ამ საქმეს ბოლომდე, ვიდრე არ მივიღებთ იმ შედეგს, რომ კონსტიტუციური უფლებით გვქონდა უფლება, პოლიტიკურ მანიფესტაციაში მიგვეღო მონაწილეობა“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პარტია „ლელოს“ ოთხი წარმომადგენელი იყო დაბარებული, თუმცა ერთ-ერთი წევრი, პაატა ცივაძე არ დააჯარიმეს, რადგანაც როგორც თავად ამბობს, მას გადაადგილებაზე ნებართვა ჰქონდა მიღებული.

მისივე თქმით, „ლელო“ გამოიყენებს ყველა ფორმალურ ბერკეტს.

„სერიოზულად ამ ყველაფრის აღქმა შეუძლებელია, თუმცა თუ შსს-ს ჰგონია, რომ ვინმეს გააჩერებენ და ვინმეს შეუზღუდავენ ამ თავისუფლებისთვის ბრძოლას, ვინ ვის ჩაკეტავს სახლში და ვინ ვის დააჯარიმებს ამას საბოლოოდ ყველა კარგად დაინახავს, ეს არის სამარცხვინო ქმედება, რომელშიც შსს ჩართო „ქართული ოცნების“ სამარცხვინო ხელისუფლებამ, არ ვაპირებთ გადახდას. გამოვიყენებთ ყველა ფორმალურ ბერკეტს და საბოლოო ჯამში, შეუძლებელია, რომ სამართლებრივად ამან რაიმე გაგრძელება ჰპოვოს“, – აცხადებს „ლელოს“ წევრი საბა ბუაძემ.

ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადასცეს პარტია „გირჩის“ წევრ ნიკა მოსიაშვილს. თუმცა როგორც მოსიაშვილი ამბობს, არ აპირებს რომ ჯარიმა გადაიხადოს და დაწესებულ შეზღუდვას შეგნებულად კიდევ ერთხელ დაარღვევს.

„არანაირ ახსნა-განმარტებას, საუბარს, საბჭოთა მილიციის სამართალმემკვიდრე ამ კანტორასთან აზრი არ აქვს. ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს იმის თაობაზე, რომ აქ რაღაც სახელმწიფო დადგენილება შეიზღუდა. არც კი მომისმინეს. სამწუხაროა, პროცესი, რომელიც იქ მიდიოდა. ის ცალსახად ასახავდა მოქალაქეების მიმართ სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულებას და ძალიან სამწუხაროა, რომ არც ტელეფონის შეტანის უფლება არ მომცეს. ვუხსნიდი, რომ ამან შეზღუდა ჩემი უფლება, ამ კომენდანტმა და ამ რეგულაციებმა, მერე ამის გამო გამოვიყენე მეორე უფლება – გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა ნიკა მოსიაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, 6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციის რვა მონაწილე გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის დაჯარიმდა. უწყების ცნობითვე, 24 პირზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს, კიდევ 19 პირის მიმართ კი, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის განმეორების გამო სისხლის სამართლის წესით გამოძიება 248 პრიმა მუხლით არის დაწყებული.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო წესების გაუმჯობესება არის ქვეყნისთვის კარგი, ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის აზრს მოკლებული, თუ არსებობს ტრადიცია ამ წესების დაცვის – ბოკერია
შემდეგი სტატიაევროკავშირის ანგარიში – საქართველოში რეფორმების დინამიკის გასაგრძელებლად მთავარი ყურადღება პოლიტიკური კომპრომისის მიღწევას უნდა დაეთმოს