გაჩეჩილაძე კაპანაძეს: თქვენი რეზოლუცია რუსეთის ინტერესების გამტარებელია

ქართული ოცნების წევრმა, გია გაჩეჩილაძემ ევროპული საქართველოს წევრს, სერგი კაპანაძეს ჰკითხა, არის თუ არა მათი რეზოლუცია რუსეთის ინტერესების გამტარებელი და საბაბის მიმცემი რუსეთისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადოს.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროპული საქართველოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

“ბატონო სერგი, თქვენ გამოცდილი კაცი ბრძანდებით საგარეო ურთიერთობებში, თქვენ იყავით საქართველოს საგარეო დაზვერვის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ანუ, ანალიტიკასთან კარგი კავშირი გაქვთ. შემდეგ იყავით საგარეო საქმეთა სამინისტროში აგრეთვე საგარეო ურთიერთობების, როგორც მახსოვს, ორგანიზაციებთან ურთიერთობის, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შემდეგ იყავით მინისტრის მოადგილე, თუ არ ვცდები, ხომ? გრიგოლ ვაშაძის, რუსეთის მოქალაქის მოადგილე. ახლა მაინტერესებს და აქედან გამომდინარე კითხვა თქვენ და წესით უნდა იცოდეთ, რომ ის რეზოლუცია, რომელიც თქვენ ახლა წარმოადგინეთ, არის თავისი შინაარსით, ვთქვათ გაგიჟდა პარლამენტი და მიიღო გადაწყვეტილება, პროვოკაციული, რომელიც პირდაპირ გამოიწვევს საქართველოში იმ ეკონომიკური კოლაფსის მოწყობას, რომლითაც თქვენ დიდი ხანია დაინტერესებული ხართ. მით უმეტეს. რეზოლუციის წარმოდგენა ახლა და განხილვა ხდება რთველის პერიოდში, ამავე დროს ველოდებით ჩვენ აჭარაში ციტრუსების კრეფის დაწყებას და ა.შ. არის თუ არა თქვენი რეზოლუცია რუსეთის ინტერესების გამტარებელი, ანუ, იმ საბაბის მიცემა რუსეთისთვის, რომელსაც ის დიდი ხანია ცდილობს, რომ საქართველოს გამოუცხადოს ეკონომიკური ბლოკადა, და ეს, 1 თვის და 2 თვის წინა პერიოდს გადახედეთ და მიხვდებით, თუ რამდენად დაინტერესებულია რუსეთი ამაში და არის თუ არა ეს რეზოლუცია შემოგდებული სწორედ იმისათვის, რომ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები გამოიყენოს კახეთის, აჭარის, გურიის მოსახლეობის წინააღმდეგ. დიდი მადლობა”,- ჰკითხა გაჩეჩილაძემ კაპანაძეს.

სერგი კაპანაძემ გაჩეჩილაძეს კონტრშეკითხვა დაუსვა.

“ბატონო გია, მაგ კითხვაზე მარტივი პასუხია – არა. მაგრამ მე მაქვს კონტრკითხვა, ახლა არის რთველი, შემდეგ ციტრუსები და რომელ თვეში შეიძლება, მკათათვეში, თიბათვეში, ვარდობისთვეში თუ როდის შეიძლება, რომ რუსეთზე რამე განცხადება გაკეთდეს, იქნებ თქვენ მითხრათ, როცა ასეთი მიბმული არ ვიქნებით”, – თქვა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: “ოცნება” მიდის პრორუსულ ხაზზე, ვოლსკის ნათქვამი ინაშვილისგან არ განსხვავდება
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა: „ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა“