გაბუნია: ვაქცინაციისთვის და რამდენიმე მაცივარი ქვეყანაში უკვე არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო ვაქცინაციის დაწყებას მარტში ვარაუდობს. მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებამდე ქვეყანამ ვაქცინის დანერგვის გეგმა უნდა შეიმუშაოს, რომელზე მუშაობაც იანვრის ბოლოს დასრულდება.

„ვაქცინის მომწოდებლებიდან და ასევე დონორი ორგანიზაციებიდან პირველი მოთხოვნა იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, არის ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ვაქცინის დანერგვის გეგმა, რაც უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ ასპექტს, რაც მოიცავს რეგულირებას, პერსონალს, ცივ ჯაჭვს და ა.შ. ამაზე მუშაობა მიდის და იანვრის ბოლოს დასრულდება გეგმის შემუშავება. ჩართულია მსოფლიო ბანკი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აზიის განვითარების ბანკი, ქართველი ექსპერტების ჯგუფი. რა თქმა უნდა, ამ პირობას ჩვენ შევასრულებთ.

რაც შეეხება ცივ ჯაჭვს, საქართველოს დღესვე შეუძლია, მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ სამი ძირითადი ვაქცინით, რომელიც დღეს არის დაწინაურებული. ყველაზე რეალური კანდიდატები, იმისთვის, რომ ქვეყნებმა ისინი გამოიყენონ, საუბარია „ასტრაზენეკაზე“, „ფაიზერსა“ და „მოდერნაზე“. „ასტრაზენეკი“ შეგვიძლია მივიღოთ როგორც კოვაქსის პლატფორმის, ასევე ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკების გზით. უკვე კონკრეტული წინადადებები ამასთან დაკავშირებით იკვეთება. ასევე არის ფაიზერის ოფცია, რომელსაც სჭირდება ვაქცინაციისთვის -70 გრადუსი. რამდენიმე ესეთი მაცივარი ქვეყანაში უკვე არის. იგივე შემიძლია ვთქვა „მოდერნაზე“, რომელსაც -20 გრადუსი სჭირდება. ამისი ტექნიკური შესაძლებლობაც ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს ზოგადად იმუნიზაციის წარმოების მხრივ და აღნიშნა, რომ ტექნიკურად ამის უზრუნველყოფის ორგანიზება პრობლემა ნამდვილად არ იქნება.

„ვფიქრობთ, მარტი არის ის რეალური დრო, რომელი დროც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ვაქცინაციის დასაწყებად. თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ უფრო ადრეც დავიწყოთ, თუკი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, კოვაქსის პლატფორმის საშუალებით 16 მილიონ დოლარად შეძენილია 700 ათასი მოქალაქის ვაქცინაციისთვის განსაზღვრული საჭირო 1.4 მილიონი დოზა ვაქცინა.

„კოვაქსის პლატფორმის საშუალებით, ჩვენ 700 000 მოსახლის ვაქცინაციისთვის განსაზღვრულია 16 მილიონი დოლარი. ნაწილი ამ თანხის უკვე გადახდილია და ნაწილი უნდა გადავიხადოთ მას შემდეგ, როდესაც ვაქცინა უკვე შემოვა.ვაქცინის მოწოდება ეტაპობრივად მოხდება. ეს არის მილიონ 1.4 მილიონი დოზა, რადგან ერთ ადამიანს სჭირდება ორი დოზის აცრა, კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ახლა სხვა დანარჩენი, როგორ წავა საქმე, უკვე კერძო მოლაპარაკებების გზით და ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმების გზით, უკვე სხვა ეტაპია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის, დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საახალწლო ჰუმანიტარული ამანათები რეგიონებში ჩაიტანეს