გაბუნია: სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის საამაყო

სამედიცინო პერსონალის როლი მაინც კრიტიკულია, განსაკუთრებით სოფლის ექიმების ჩართულობაა ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ სოფლის ექიმები დაგვეხმარებიან სოფლის მოსახლეობის მოცვაშიც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ვაქცინაციაში მაღალი აქტივობით გამოირჩევიან სახელმწიფო სტრუქტურები.

“ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს კოლეგებთან და სამედიცინო პერსონალს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი რეგისტრაციისა და რიგის გარეშე შეუძლია მოვიდეს და აიცრას მისთვის სასურველ ადგილას. ბევრი სამედიცინო დაწესებულება თავად უზრუნველყოფს თავისივე პერსონალის ვაქცინაციას. ასევე კორპორაციულ დონეზე გააქტიურებულია გარკვეული სამოტივაციო საშუალებები და ბევრ ქსელს აქვს უკვე წარმატებული გამოცდილება, რომ მათი დასაქმებული პერსონალი, იქნება ეს სამედიცინო თუ არასამედიცინო პერსონალი, აიცრა. ეტაპობრივად ეს მოცვაც გაიზრდება. დღეს ეს მაჩვენებელი ნამდვილად არ არის საამაყო და ჯანდაცვის სექტორს პირიქით, მაგალითი უნდა მიეცა სხვებისთვის. დღეს ვაქცინაციის კუთხით საკმაოდ კარგი აქტივობაა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემაში. ასევე აქტიურად არიან ჩართულები პედაგოგებიც, თავდაცვის სამინისტროს სისტემაც, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის სექტორი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჯამურად საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ მოცვის სასურველ მაჩვენებელს, განსაკუთრებით ამ სოციალური და ეკონომიკურად მაღალი აქტივობის სეგმენტებში. თუმცა, სამედიცინო პერსონალის როლი მაინც კრიტიკულია. განსაკუთრებით სოფლის ექიმების ჩართულობაა ძალიან მნიშვნელოვანი და მე იმედი მაქვს, რომ სოფლის ექიმები დაგვეხმარებიან ჩვენ სოფლის მოსახლეობის მოცვაშიც. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ნდობა, მაინც აქვს ექიმს, რომელიც პაციენტს იცნობს და რომელსაც პაციენტი ენდობა. ამდენად, მისგან გაცემული რჩევა, ვაქცინის სიკეთეებთან დაკავშირებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ კოლეგებისგან ამ მხარდაჭერას მივიღეთ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა: საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე, ფენომენალური სპორტსმენი, ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას
შემდეგი სტატიაგაბუნია: თუ კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა ეპიდვითარება, შეზღუდვების საკითხს დავაყენებთ