გაბუნია – რუსული ვაქცინის შეძენა დღის წესრიგში არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს კოვაქს პლატფორმაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინიდან არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება.

გაბუნიას თქმით, საქართველო ვაქცინას აირჩევს მისი ხარისხიდან და ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე.

„ჩვენ კოვაქს პლატფორმაზე გვაქვს არჩევანის საშუალება. ანუ, იქ არის საკამოდ ფართო მენიუ. უკვე ბევრი წარმატებული მომწოდებელი, მათ შორის „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“ და კიდევ სხვები გამოჩნდება. ამდენად, ჩვენ ავირჩევთ ხარისხიდან, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, დანერგვის თვალსაზრისით, რამდენად მისაღები იქნება ამა თუ იმ მწარმოებლის მიერ მოწოდებული ვაქცინა. ხარისხიანობას განსაზღვრავს ავტორიზაციის სტატუსი. ანუ, რამდენად არის აღიარებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, მარეგულირებლების მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, გაზაფხულისთვის კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, გაბუნია ფიქრობს, რომ ასევე შესაძლებელია მანამდეც, ევროპის ქვეყნებთან ან პირდაპირ მიმწოდებლებთან მოლაპარაკების გზით, მაღალი რისკის ჯგუფებისთვის გარკვეული რაოდეობის შეძენა.

„გაზაფხულისთვის, როდესაც კოვაქსის პლატფორმა აქტიურად დაიწყებს ქვეყნების მიერ შეკვეთილი ვაქცინების განაწილებას, ამ პლატფორმის საშუალებით, ეს იქნება მეტად ფართოდ ხელმისაწვდომი. მაგრამ მანამდე, ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება ევროპის ქვეყნებთან ან პირდაპირ მიმწოდებლებთან მოლაპარკების გზით, მაღალი რისკის ჯგუფებისთვის გარკვეული რაოდეობის შეძენა. ჩვენთვის ტექნოლოგიურად და ისედაც ყველაზე მოხერხებული სავარაუდოდ იქნება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. რა თქმა უნდა, განვიხილვათ ყველა სხვა ვაქცინას – „ფაიზერსაც“ და სხვასაც, რომელიც შესაძლოა იყოს ბაზარზე, მაგრამ ჯერჯერობით, იქედან გამომდინარე, რამდენად აკმაყოფილებს ცივი ჯაჭვის პირობებს და სხვა ყველაფერს, იმ მიმწოდებელს მიენიჭება უპირატესობა, რომელიც ჩვენთან დანერგვისთვის იქნება ყველაზე მისაღები“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, რუსული ვაქცინის შეძენა დღის წესრიგში არ არის.

„რუსული ვაქცინის შეძენაზე ჩვენ დღის წესრიგში აქცენტი არ გვაქვს. ამდენად, დღის წესრიგში იქნებიან ევროპის მარეგულირებლების, ასევე „ეფდიეის“ მიერ აღიარებული ის მიმწოდებლები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არის აღიარებული, ასევე, აღიარებითი რეჟიმის გზით“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს
შემდეგი სტატიამეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერატი აირჩიეს