გაბუნია – ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ახალ სქემას, რაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ოჯახის ექიმების, ექთნების მეტად ჩართულობას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სქემას უახლოეს პერიოდში წარმოადგენს.

გაბუნია აცხადებს, რომ სქემა ასევე ითვალისწინებს ოჯახის ექიმისა და ექთნის ანაზღაურების გაზრდას, რათა მათ მუშაობის პროცესში მეტი სტიმული გაუჩნდეთ.

„60 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ჩვენთვის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია ჩაუტარდეს ყველა მოქალაქეს, რომელიც არის ამ ასაკობრივ ჯგუფში. აქ არის ყველაზე მაღალი გართულებები და არასასურველი გამოსავლების რისკი. ოჯახის ექიმი და ექთანი როგორც სოფლად, ასევე ქალაქში არის ყველაზე ახლოს ამ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებთან. მათ ნაწილს აქვს ქრონიკული დაავადება, ისინი ოჯახის ექიმებს იცნობენ. ამდენად, ჯანდაცვის სამინისტრო დღეს-ხვალ გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების მეტად ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში და შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებას. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ოჯახის ექიმი იმუშავებს ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქესთან და ის ამ მუშაობის შედეგად მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას, აიცრება, შესაბამისად მოხდება ოჯახის ექიმის და ექთნის ანაზღაურება, რათა მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული და მეტად აქტიურად შეძლონ უბანზე გასვლა. რა თქმა უნდა, ასევე გამოიყოფა ადმინისტრაციული რესურსი, რომე მეტად აქტიურად მოხდეს უბანზე მუშაობა. ვფიქრობთ, ეს დაგვეხმარება, რომ დაბალი ტემპი რაც გვაქვს 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, დაიფაროს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრიდან პირბადის ტარება დაბალი კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო იქნება
შემდეგი სტატიაჩხენკელი: ყველა მოსწავლემ, მასწავლებელმა და ადმინისტრაციამ სასკოლო გარემოში უნდა გაიკეთონ პირბადე